LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგულირების სააგენტოს დავავალებ, განმეორებით შეისწავლოს მე-18 დაწესებულების კლინიკა – ტიკარაძე

61
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რეგულირების სააგენტოს დაავალებს, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების კლინიკა განმეორებით შეისწავლოს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, ეს საჭიროა იმისთვის, რომ აღარ იყოს კითხვები – წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს:

“იქინდან გამომდინარე, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუ რომელ ტიპს შეესაბამება და რა ხარისხის არის ეს კლინიკა, მე დავავალებ რეგულირების სააგენტოს, რომ ამ კლინიკის განმეორებითი შესწავლა მოახდინოს, დადოს კლინიკის მზაობის შესახებ შესაბამისი დასკვნა და უკვე ეს გასაჯაროვდეს. აღარ იყოს კითხვები იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს.

თუ ეს კლინიკა არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც და, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტი იყოს თანაბრად დაცული.” – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, სრულფასოვნად არ შეესაბამება კონსილიუმის დასკვნასა და რეკომენდაციებს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის უსაფრთხოებაზე ვერ ისაუბრებს და კომენტარი სხვამ უნდა გააკეთოს:

“რაც შეეხება იმ კვლევებს, რომლებიც არის გაცემული ექიმების მხრიდან, ეს არის დოპლერი, ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია, ამ კლინიკას აქვს როგორც დოპლერის აპარატი, რამდენადაც ვიცი, რამდენიმე ხანში თვითონ ციხეში ჩაუტარდება პაციენტს ეს კვლევა, ვინაიდან ეს არის მობილური დანადგარი, რომლის გადაადგილება შესაძლებელი არის და პენიტენციური სამსახური ამას უზრუნველყოფს. რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფს, კომპიუტერული ტომოგრაფი ამ კლინიკას აქვს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ომბუდსმენი აცხადებს, რომ მე-18 დაწესებულება სადაც სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, კონსილიუმის დასკვნას არ შეესაბამება.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კი სახალხო დამცველის დასკვნას ეხმიანება და ამბობს, რომ მასში ფაქტობრივი შეცდომაა და რომ მე-18 დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი ნამდვილად არის.

პოპულალურები