LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აფასებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები “თბილისი პრაიდის” კვირეულს – „მადლობა შსს-ს და ყველა პოლიციელს კარგად შესრულებული სამუშაოსთვის“

105
თბილისი პრაიდი

სხვადასხვა ქვეყნის ელჩები პრაიდის კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მადლობას უხდიან.

ისრაელის ელჩი რან გიდორი შსს-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოებს სამაგალითოს უწოდებს.

„ვულოცავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს, მიმდინარე წლის თბილისის პრაიდის კვირეულზე უსაფრთხოების ზომების სამაგალითოდ გატარებას. საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი თანასწორობისა და მრავალფეროვნების ღირებულებების ეფექტურად დასაცავად გაერთიანებული იყო საგულდაგულო დაგეგმვა, სენსიტიური დიალოგი და შეუპოვარი ლიდერობა“,- წერს ტვიტერზე რან გიდორი.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს ფეისბუქპოსტით ეხმაურება.

ელჩი სამართალდამცველების მიერ უსაფრთხოების კუთხით გატარებულ ზომებს დადებითად აფასებს.

„გასაოცარი პრაიდის კვირეული! ვულოცავ “თბილისი პრაიდს” 3 ჩინებულ ღონისძიებას: ამაღელვებელ ფილმს, საინტერესო ლექციას და სადღესასწაულო საღამოს. საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი კონსტიტუციით, რომელიც იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, ტრადიციებს, რომელიც ყოველთვის ღიაა მიიღოს რაღაც ახალი თავისი მრავალფეროვნებით.

ვულოცავ სამართალდამცავებს, რომლებთანაც ბევრი ინტერაქცია გვქონდა, ძალიან კარგად შესრულებული სამუშაოსთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ყველას უფლებების დასაცავად. დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ყველას, მათ შორის ლგბტ+ ადამიანების უფლებების პატივისცემა, ჩვენთვის პრიორიტეტია”, – წერს ელჩი.

დიეგო კოლასი, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გუშინ ჩატარებულ ღონისძიებას „ტვიტერის“ პირად გვერდზეც ეხმიანება.

„მინდა შევაქო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაწეული სამუშაოსთვის, ქვეყნის კონსტიტუციისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მედგარი დაცვისთვის“,- წერს დიეგო კოლასი.

“თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მილოცვის პოსტი გამოაქვეყნა ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მაიკე ვან კოლდამმა.

„ვზეიმობთ თანაბარ უფლებებს ყველასთვის, ვზეიმობთ “თბილისი პრაიდსა” და მის დაგვირგვინებას. ვულოცავ ღონისძიების ორგანიზატორებსა და “თბილისი პრაიდის” გუნდს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის”, – წერს ნიდერლანდების ელჩი.

ნორვეგიის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ჰელენე სანდ ანდერსენი, “ტვიტერის” პირად გვერდზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა პოლიციელს მადლობას უხდის.

„ვულოცავ „თბილისი პრაიდს“ შესანიშნავ კვირეულს თბილისში! სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა ფესტივალზე საქართველოში. მადლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა პოლიციელს კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, ხალხის უსაფრთხოების დაცვისთვის. ეს ადამიანის უფლებების გამარჯვებაა“,- წერს ჰელენე სანდ ანდერსენი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი “ტვიტერზე”.

„ვუერთდები შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი პოლიციის მიმართ გამოთქმულ მადლობებს კანონის უზენაესობისა და “თბილისი პრაიდზე” მყოფი ყველა პირის დაცვისათვის. ეს წინ წადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში“,- წერს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები