LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხდება შვილად აყვანა საქართველოში: რჩევები ადვოკატისგან

901
FORTUNA.GE (52)

რა პრობლემები ექმნებათ იმ ადამიანებს, ვისაც შვილის აყვანა სურს, რატომ უწევთ მათ წლობით რიგში დგომა, რა ხარვეზებია კანონში და სად არის გამოსავალი – იურისტის რჩევები. “ფორტუნას” სტუმარია ადვოკატი აბელ გეგია.

 

პირველ რიგში გკითხავთ, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა პრობლემები იკვეთება?

ამ კუთხით, რეალურად ბევრი პრობლემაა. ამით ადამიანის მომავალი განისაზღრება. სამწუხაროდ, პრობლემა უფრო მეტია პრაქტიკაში, ვიდრე კანონში, თუმცა კანონმდებლობაშიც არის ბევრი ხარვეზი.

დავიწყოთ, რა პრობლემებია პრაქტიკაში, გადაწყვიტა ადამიანმა, რომ უნდა აიყვანოს შვილი, რას აკეთებს?

პირველ რიგში უნდა მივიდეს სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, რეგისტრირდება, უთითებს მის ყველა მონაცემს, მათ შორის არის მთელი რიგი დოკუმენტაცია, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, ნასამართლევი ხომ არაა, შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ახლა სიახლე ის, რომ მშვილებელმა გარკვეული კურსები უნდა გაიაროს, რომ მას ნამდვილად შეუძლია შვილის ყოლა, როგორც ვიცი, ამას ტრენინგების სახე აქვს.

არის თუ არა აუცილებელი, რომ შვილის აყვანის მსრუველი რეგისტრირებულ ქორწინებაში იყოს, თუ ამას მნიშვნელობა არ აქვს?

უმჯობესია იყოს ოჯახი. ყველაფერს ამოწმებს სააგენტო. უპირატესობას ოჯახს მიანიჭებენ, ვიდრე ინდივიდუალურად, თუმცა შეიძლება ერთმა ადამიანმაც აიყვანოს. კანონის მიხედვით, შვილსა და მშვილებელს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს მინიმუმ 16 წელი.

გავყვეთ პროცედურებს, მივიდა, დარეგისტრირდა, მერე რა ხდება?

შემდეგ, ეს პირი ჩადგება რიგში.

სადაც წლობით უწევთ ამ ადამიანებს მოცდა, რატომ?

ერთი შეხედვით, თითქოს გასაშვილებელი ბავშვი არის ბევრი. ადრე მეც მეგონა, რომ პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა ბავშვები მინდობით აღზრდაში ცხოვრობენ. არიან ბავშვები, რომლებიც კერძო დაწესებულებებში, სახლებში ცხოვრობენ, მაგრამ როცა ადამიანი წერს განცხადებას და რეგისტრირდება მშვილებლად, უნდა არსებობდეს ბავშვი, რომელსაც გასაშვილებელის სტატუსი აქვს. ამის ბაზა ცალკეა.

ანუ ამ ბაზაში ცოტაა გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვი და მსურველი უფრო მეტია?

ამ ბაზაში არიან შშმ ბავშვებიც. მშვილებლებს ეს არ უნდათ ხშირ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, შეიძლება ასეთი ბავშვიც გაშვილდეს, მაგრამ მისი გამოჯანმრთელების შანსი დიდია.

მნიშვნელოვანი საკითხია გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭება, როგორ ენიჭება მას ეს სტატუსი?

ამას კანონი განსაზღვრავს. პირველი – მშობლები უგზო-უკვლოდ დაკარგულები უნდა იყვნენ, ან ბავშვი უნდა იყოს ობოლი, ან მიტოვებულად აღიარებული. პრობლემა არის მიტოვებულად ცნობა და აღიარება.

თუ მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, ავტომატურად ის გადადის გასაშვილებელთა სიაში? თუ ჰყავს დეიდა, ბიძა, ნათესავი, ამ დროს რა ხდება?

თუ მათ არ გამოხატეს სურვილი, სააგენტომ ან პოლიციამ ნახა, რომ მიტოვებულია, ქუჩაშია და ა. შ. ჩასვამენ იმ ბაზაში.

განვიხილოთ ახლა მიტოვებულად ცნობის საკითხი

მშობლებმა ფაქტობრივად უნდა მიატოვონ ბავშვი. თუ ისინი უარს იტყვიან და განცხადებით მიმართავენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მას მიენიჭება გასაშვილებლის სტატუსი, მაგრამ უარს, როგორც წესი არ ამბობენ ხოლმე. ძირითადად, მინდობით აღზრდაში არიან. მიტოვებულად რომ აღიარონ, მას მშობელი ყურადღებას არ უნდა აქცევდეს.

რამდენია ეს გარკვეული პერიოდი, განსაზღრულია კანონით?

პრაქტიკაში ასეა, რომ მაგ. უცხოეთშია მშობელი. სოციალური ქსელით ერთხელაც რომ დაურეკოს, უბრალოდ რომ მოიკითხოს, თუნდაც ფინანსურად არ იზრუნოს, სოციალური მუშაკი ოქმს ვერ დაწერს და ვერ მიანიჭებს მიტოვებულის სტატუსს.

გარკვეული პერიოდი ახსენეთ, ამას კანონი განსაზღვრავს?

არ არის განსაზღვრული.

ეს შეიძლება კანონის ხარვეზად ჩაითვალოს?

ვფიქობ, რომ გასასწორებელია გარკვეული საკითხები. როცა გაშვილების საკითხი დგება, მშობელს მხოლოდ მატერიალური კუთხით არ უყურებენ. აქ შეიძლება იყოს, რომ მაგ. მშობლები ალკოჰოლს მოიხმარენ, ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ასეთ დროს მარტივად ხდება ამ სტატუსის მინიჭება. თუმცა ამას სასამართლო იხილავს. ის იკვლევს მტკიცებულებებს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.

საუბრის ბოლოს, მინდა რჩევები პუნქტებად ჩამოვყაროთ, რას ურჩევთ ჩვენს მსმენელებს?

რა თქმა უნდა, აუცილებელია იურიდიული კონსულტაცია, ვინც ამ თემებზე მუშაობს. უმჯობესია, შვილად აყვანა მოხდეს ნათესავის მიერ. დავუშვათ, მეუღლეებიდან ერთ-ერთს აქვს სურვილი, რომ ნათესავის შვილი აიყვანოს. თუ ბავშვს მასთან კარგი ურთიერთბა აქვს, კანონი ითვალისწინებს, ბავშვის ინტერესისთვის საუკეთესოს ცნებას. სხვა შემთხვევაში უკვე რთულია. მთავარი საკითხი არის შემდეგი: პირი, რომელიც მიმართავს სააგენტოს როგორც მშვილებელი, მაქსიმალურად მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს დოკუმენტაცია. ასევე სჯობს, ოჯახმა მოითხოვოს შვილად აყვანა, ვიდრე ინდივიდუალურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები