LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მოქალაქემ ბინა სამ თვეზე მეტია იქირავა, შეუძლია, თქვენი თანხმობის გარეშე ჩაეწეროს – რა პრობლემები ექმნებათ ბინის მეპატრონეებს და რა შემთხვევაში დააყადაღებენ თქვენს ნივთებს

51890
fortuna.ge

მოქალაქეები, რომლებსაც ბინა აქვთ გაქირავებული, არაერთი პრობლემის წინაშე რომ შეიძლება აღმოჩნდნენ, ამ საკითხზე რადიო “ფორტუნას” არაერთი მასალა მოუმზადებია და მკითხველისთვის მიუწოდებია დეტალური ინფორმაცია, რა უნდა იცოდეთ უძრავი ქონების გაქირავებამდე, რა დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და რატომ არის საჭირო იურისტთან კონსულტაცია. ახლა კი ირკვევა, რომ შესაძლოა, ერთ დღეს აღმოაჩინოთ თქვენს ბინაში ჩაწერილი უცნობი ადამიანები, ან ის პირები, ვისზეც ბინა გააქირავეთ.

საქმე ისაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება ან განახლება გჭირდებათ და კონკრეტულ მისამართზე ჩაწერილი არ ხართ, დოკუმენტს ვერ აიღებთ. როგორც იურისტმა განგვიმარტა, არსებობს 6 თვიანი დროებითი პირადობის მოწმობა, სადაც იწერება, რომ თქვენ ცხოვრობთ ამა თუ იმ ქუჩის მიმდებარედ, თუმცა ეს არის დროებითი. შესაბამისად, მოქალაქეებს პირადობის მოწმობის ასაღებად სჭირდებათ ჩაწერის ადგილი, რაზედაც ბინის გამქირავებელი მათ ხშირად უარს ეუბნება.

აქ, ჩნდება შემდეგი პრობლემა: თუ ბინის გამქირავებელი საკუთარ სახლში მოქალაქეს არ ჩაწერს და ეს მოქალაქე აღნიშნულ ბინაში სამ თვეზე მეტია ცხოვრობს, მას კანონი აძლევს საშუალებას, ორი მოწმის თანხლებით მივიდეს იუსტიციის სახლში და თქვენი ნებართვის გარეშე დარეგისტრირდეს მისამართზე.

ასე რომ, შეიძლება, ერთ დღეს, სავარაუდოდ კი, კომუნალური გადასახადების შემოწმებისას აღმოაჩინოთ, რომ თქვენს ბინაში სხვა ადამიანებიც არიან დარეგისტრირებულნი.

რა პრობლემები შეგექმნებათ ამის შემდეგ, რამდენად ექნება ბინაში უნებართვოდ ჩაწერილ პირს საკუთრებაზე უფლება და მეორე მხრივ, რა უნდა ქნას ადამიანმა, თუ მას იმ კონკრეტულ მომენტში არ აქვს საცხოვრებელი და პირადობის მოწმობის აღება სჭირდება, რა ხარვეზებია კანონში, რას გირჩევენ იურისტები და რა პასუხი აქვთ ოფიციალურ უწყებაში.. 

 

 

“ბინის დამქირავებლის საგადასახადო პრობლემა შეიძლება, სახლის მეპატრონეს შეეხოს”

 

თემაზე მუშაობისას ორი პრობლემა გამოიკვეთა: რა უნდა ქნან პირებმა, ვისაც არ აქვს საცხოვრებელი და პირადობის მოწმობის აღება სჭირდება და მეორე მხრივ – ირღვევა თუ არა ბინის მესაკუთრის უფლება, როცა მისი ნებართვის გარეშე იქ დამქირავებელი ჩაეწერება და შედეგად, ამით რა პრობლემები შეექმნება უძრავი ქონების მფლობელს. ჩვენ პირველ რიგში იურისტებს მივმართეთ და ასევე შევეცადეთ ოფიციალური უწყებისგანაც მიგვეღო პასუხი.

იურიდიული საკონსულტაციო კომპანიის – ” სი ელ ესის” ორმა მმართველმა პარტნიორმა გვითხრა, რომ საქართველოში მსგავსი შემთხვევა ბევრია.

აბელ გეგია, იურისტი: “ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ზოგჯერ არის ფაქტები, როცა დამქირავებლის წასვლის შემდეგ აღმოაჩენს ბინის მეპატრონე, რომ მის სახლში სხვა ხალხიცაა ჩაწერილი. ეს კი, ძირითადად, კომუნალური გადასახადების გადასახდისას ხდება, როცა თვალსაჩინოა, რომ სულადობა იზრდება.

პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს საკუთრების პრობლემასთან კავშირში არ არის, ბინაში ჩაწერილს არ ექნება უფლება, რომ რაიმე მოითხოვოს, ანუ მეპატრონეს უძრავ ქონებას ვერავინ წაართმევს, თუმცა ჩნდება სხვა პრობლემები.

პირველი პრობლემა – გაზრდილი გადასახადებია. უცხო პირების ამოსაწერად კი დრო უნდა გამოყოთ, წახვიდეთ იუსტიციის სახლში, განცხადება დაწეროთ, ორი მოწმე წაიყვანოთ, რომლებიც დაადასტურებენ, რომ თქვენს ბინაში ნამდვილად არ ცხოვრობენ ის კონკრეტული ადამიანები. ყველაზე მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ თუ თქვენს ბინაში დროებით მყოფ ადამიანს საგადასახადო დავალიანება აქვს, ეს შეიძლება თქვენზე, როგორც სახლის მეპატრონეზეც გავრცელდეს. ამიტომ ბინის გაქირავებამდე გირჩევთ, კარგად გადაამოწმოთ მოვალეთა რეესტრში ხომ არ არის პირი, ვისზეც აპირებთ ბინის გაქირავებას”. 

 

“თუ საცხოვრებელი არ გაქვს, პირადობის მოწმობას ვერ აიღებთ”

 

ეკა ლომიძე, იურისტი: “ერთი პრობლემაა, რომ დღევანდელი კანონმდებლობით, თუ საცხოვრებელი არ გაქვს, პირადობის მოწმობას ვერ აიღებთ, ეს რეალურად კანონის ხარვეზია და კარგი იქნება თუ ოფიციალური უწყება იტყვის, ეს რატომ ხდება ან რაიმე ალტერნატივა რატომ არ არის  და მეორე პრობლემაა შემდეგი – თუ ნამდვილად ცხოვრობთ კონკრეტულ ბინაში სამ თვეზე მეტია, თქვენ კანონი გაძლევთ საშუალებას ბინის მეპატრონის გარეშე ორი მოწმის საფუძველზე ჩაეწეროთ იმ ბინაში.

ეს კანონიერია და ვერავინ ვერაფერს იზამს, თუმცა კითხვა ისმის, არის თუ არა ეს ბინის მეპატრონის საკუთრების უფლების შელახვა.

გარდა ამისა, შეიძლება ბინის მეპატრონემ ვერც კი გაიგოს, მის სახლში არსებული ნივთები ისე დააყადაღოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. თუ თქვენს ბინაში ჩაწერილია პირი, ვისაც აქვთ გარკვეული დავალიანება, ყველაფერი – ქვითარი იქნება თუ ჯარიმა, მიდის ჩაწერის მისამართზე. თუ საქმე აღსრულებამდე მივიდა, ბიუროს აქვს უფლება, მივიდეს მითითებულ მისამართზე და სახლში არსებული ნივთები დააყადაღოს. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ბინის გაქირავებამდეც და შემდეგაც პერიოდულად ამოწმოთ დამქირავებელი, ყურადღებით იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ მტკიცება, რომ ბინაც და ნივთებიც ნამდვილად თქვენია. აბსოლუტურად გასაგებია ის პრობლემაც, რომ ადამიანს თუ არ აქვს საცხოვრებელი, მაშინ როგორ უნდა აიღოს პირადობის მოწმობა. ეს საკითხი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეხება და საინტერესოა, რა ალტერნატივა უნდა შესთავაზოს ასეთ ადამიანებს სახელმწიფომ. არის შემთხვევა, როცა პირი იმ მისამართზე არ ცხოვრობს და ორ მოწმესთან ერთად იტყუება. ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია”.

 

 

რა გვითხრეს ოფიციალურ უწყებაში

 

იურისტებთან ინტერვიუების ჩაწერის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ პასუხები ოფიციალური უწყებისგან, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მივმართეთ. მოგეხსენებათ, საჯარო უწყებების არც თუ ისე მცირე ნაწილი მედიასთან კომუნიკაციაზე , ფაქტობრივად, უარს ამბობს, ამიტომ შევეცადეთ მათთვის მიგვეწერა ორი ისეთი შეკითხვა, რომელზე პასუხიც მხოლოდ ერთგვარი რჩევა/რეკომენდაცია იქნებოდა მკითხველისთვის. ეს შეკითხვებია:

  1. პირადობის მოწმობების გაცემა როგორ ხდება თუ ადამიანს არ აქვს საცხოვრებელი და არც ბინის გამქირავებელმა მისცა რეგისტრაციის უფლება – ხომ არ არის რაიმე ალტერნატივა?
  2.  კანონმდებლობით ნამდვილად შეიძლება თუ არა, რომ ორი მოწმის თანხმობით ჩავეწერო მისამართზე და ისე ავიღო პირადობა ან თუ ფიზიკურად არ მაქვს საცხოვრებელი, რა შეიძლება გავაკეთო. 

ამ ორივე შეკითხვის არსი ფაქტობრივად ერთი და იგივეა – რა ქნას მოქალაქემ, როგორ აიღოს პირადობის მოწმობა, თუ მას დროებითი საცხოვრებელიც კი არ აქვს. სააგენტოში ეს შეკითხვები 14 ივლისს გავაგზავნეთ, მაგრამ პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

თუ უწყება გადაწყვეტს, რომ პასუხები მოგვაწოდოს, ჩვენ მას დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნებთ.

მანამდე კი გთავაზობთ იურისტების რჩევებს, გაფრთხილებას და მოწოდებას, რა უნდა იცოდეთ მსგავს სიტუაციებში თუ აღმოჩნდით და რატომ არის მნიშვნელოვანი იურისტებთან კონსულტაცია.

განახლება:

რადიო “ფორტუნას” სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კითხვებზე პასუხები წერილობით გამოუგზავნა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.  ეს ინფორმაცია თითოეული მკითხველისთვის საინტერესო რჩევა/რეკომენდაცია იქნება.

“იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღოს პირადობის ელექტრონული მოწმობა, აუცილებელია იყოს რეგისტრირებული კონკრეტულ მისამართზე. პირი რეგისტრირდება მისამართზე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მესაკუთრის თანხმობით ან ორი მოწმის განცხადებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ეს პირი ამ მისამართზე ცხოვრობს ბოლო სამი თვის განმავლობაში. აქვე მოგახსენებთ, რომ მისამართზე რეგისტრაცია არ წარმოშობს საკუთრების უფლებას.

ორი მოწმის განცხადებით შესაძლებელია პირი დარეგისტრირდეს კონკრეტულ მისამართზე, თუ მოწმეები დაადასტურებენ ამ პირის შესაბამის მისამართზე ბოლო 3 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტს. აღნიშნული წესი განსაზღვრულია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ბ.გ ქვეპუნქტით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნულ შენობაში, ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რეგისტრირდება მისამართის მითითების გარეშე იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კონკრეტული მისამართის მითითებით.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შესაძლებელია დარეგისტრირდეს კონკრეტულ მისამართზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფლობს საქართველოში ბინადრობის ნებართვას (მუდმივს ან დროებითს).  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: საქართველოში მცხოვრები უცხოელი, მიუხედავად ასაკისა, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე ­– ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვეში გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხს, აღნიშნული რეგულირდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N520 დადგენილებით”, – გვითხრეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები