LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში გასაქირავებელი ბინის ფასი 125%-ით გაიზარდა – რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა

234
tbilisi2

თბილისში, თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასაქირავებელი ბინის ფასი 125%-ით გაიზარდა და 1 კვ.მ-ს საშუალო ღირებულება 13.1 დოლარი იყო. ამის შესახებ ყოველთვიურ მიმოხილვას TBC Capital აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, თებერვალში წლიურად 30%-ით გაიზარდა ბინის გასაყიდი ფასი და კვ.მ-ზე საშუალოდ 1 136 დოლარი შეადგინა.

„2023 წლის თებერვალში თბილისში სულ 3 383 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ იანვრის მაჩვენებელს 19%-ით გადააჭარბა, ხოლო წლიურ ჭრილში ზრდა 12% იყო. საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1 136$-ს გაუტოლდა (+3% თ/თ, +30% წ/წ). გაყიდვების რაოდენობის და გასაყიდი ფასის ზრდის ფონზე ბაზრის ზომა წლიურად 48%-ით გაიზარდა (+24% თ/თ) და 261$ მილიონი შეადგინა“, – აღნიშნულია TBC Capital-ის მიერ მომზადებულ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში.

რამდენი პროცენტით გაძვირდა ბინები თბილისში - ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

წინა თვეში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ფართო ცენტრში 16%-ით გაიზარდა, გარეუბნებში - 12%-ით, ქალაქის ცენტრში კი - 11%-ით. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის თებერვალში 746 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 2022 წლის თებერვალთან შედარებით 5%-ით მეტია.

„ზრდა წინა თვესთან შედარებით გაცილებით უფრო საგრძნობი აღმოჩნდა (+36%). რაც შეეხება ძველი ბინების გაყიდვას, წლიური ზრდა 14%-ს გაუტოლდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 15%-იანი მატება დაფიქსირდა. შედეგად, 2023 წლის თებერვალში ახალი ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 22%-მდე გაიზარდა“, – აღნიშნულია ყოველთვიურ მიმოხილვაში.

TBC Capital-ის მონაცემებით, თებერვალში გაყიდული ბინების 72%, 75 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის იყო. მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი კვლავ (41%) 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს უკავია. გაყიდული ბინების დაახლოებით 6% აღემატება 125 კვ.მ-ს.

მიმოხილვის თანახმად, იანვრის მსგავსად, 2023 წლის თებერვალში, მაღალფასიანი ბინების გაყიდვები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა.

გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით თბილისის უბნებს შორის დიდი დიღომი ლიდერობდა, რომელმაც პირველად, 2021 წლის აპრილის შემდეგ, გადაასწრო საბურთალოს.

ბათუმში ბინების ფასი გაიზარდა - რამდენი ბინა გაიყიდა თებერვალში

საანგარიშო პერიოდში 230%-ითაა გაზრდილი მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 19%-იანი და 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა.  

„დიდი დიღომი ასევე გამოირჩევა ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი დონით (222 ბინა), წინა წელთან 8%-იანი ზრდით. საბურთალოზე კი ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობა წლიურ ჭრილში 33%-ით შემცირდა.

2023 წლის თებერვალში წინა წელთან შედარებით ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ნაძალადევში (+250%), დიდუბეში (+64%) და გლდანში (+37%)“, – აღნიშნულია ყოველთვიურ მიმოხილვაში.

TBC Capital-ის მონაცემებით, მთაწმინდასა და ვაკეში კვლავ ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასები დაფიქსირდა (>1,800$). მიმოხილვის თანახმად, თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველა უბანში ფასის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება როგორც ძველი, ასევე ახალი ბინების შემთხვევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები