LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საზღვარზე გამოგვიძახეს სიტყვებით “თეთრები, ევროპელები” – რას ჰყვებიან მექსიკიდან აშშ-ში გადასული მოქალაქეები

929
მექსიკა 2

ემიგრაცია, სიღარიბე, ბანკის პროცენტები, ფინანსური პრობლემები – შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტები არახალია და ფაქტობრივად, საქართველოს ისტორიის თანამდევია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი წელია ან ვინ არის ქვეყნის სათავეში. თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, მნიშვნელოვან განსხვავებებს დავინახავთ. მაგალითად, თუ 12-13-14 წლის წინ საქართველოს, ძირითადად, გაჭირვების გამო და ლუკმაპურის საშოვნელად ტოვებდნენ, დღეს სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილია და ქვეყანას არც თუ იშვიათად ტოვებს ის ხალხიც  ვისაც კარგი სამსახური, კარგი შემოსავალი, კარგი სახლი თუ კარგი აგარაკი აქვს. ასეთ ადამიანებს მიზეზებს რომ ვეკითხები, მპასუხობენ – აქ უპერსპექტივობაა, რომ ამ ქვეყანას აღარაფერი ეშველება… ყიდიან ყველაფერს და მიდიან, ზოგი ლეგალურად, ხშირად – არალეგალურად. ბოლო 2-3 თვეა, აშშ-ში მცხოვრები ქართველები წერენ სოციალურ ქსელში, ჰყვებიან გადაცემებში, რომ დღე არ გავა, არ გაიგონ, როგორ გადავიდა მათი თანამოქალაქე მექსიკის საზღვრიდან თავისუფლების მიწაზე.

ისინი მიდიან და ალბათ, უკან, აღარც  დაბრუნდებიან, ან ძალიან გვიან დაბრუნდებიან, მიდიან უდიდესი რისკის ფასად, მექსიკის ციხეში ჩაჯდომის ფასად, მიდიან ყველაფერზე, რომ უპერსპექტივო ქვეყანას გაექცნენ.

 

 

რას ჰყვებიან ადამიანები, ვინც მექსიკის საზღვრის კვეთით აშშ-ში შევიდა 

 

ქართველი ემიგრანტი ვალერი გველუკაშვილი სოციალურ ქსელის მეშვეობით დაინტერესებულ პირებს ხშირად აწვდის ინფორმაციას ყველა იმ დეტალზე, რაც ემიგრაციას თან ახლავს.

ის ერთ-ერთი ვიდეომიმართვაში რამდენიმე ემიგრანტის ისტორიას გვიყვება, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონის ამბავს, რომელიც მასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, თუ როგორ აიღო მექსიკის ვიზა თურქეთში და როგორ გადავიდა აშშ-ში. მსგავსი ისტორიები თავად ემიგრანტ ვალერი გველუკაშვილს სოციალურ ქსელში არაერთხელ გაუზიარებია და ამ დრომდე აგრძელებს დაინტერესებული პირების ინფორმირებას.

“ჩავფრინდი მეხიკოში, იქიდან ერთ-ერთ სასაზღვრო ქალაქში და ბოლოს აშში. ორი საზღვარი გვქონდა რეალურად გასავლელი, მექსიკის და ამერიკის. მექსიკაში ცოტა კორუფციული სქემაა, რაც შეეხება ამერიკას, მივედით მესაზღვრეებთან, ვუთხარით, რომ გვინდოდა ჩაბარება. 2 დღე-ღამე იქ ვიყავით, ეს არის ხიდი, იმ ხიდზე ვისხედით, რომელიც დახურულია.

ჯერ გაჰყავდათ დედები და ბავშვები, მერე დანარჩენები, გამოგვიძახეს სიტყვებით – თეთრები, ევროპელები.

სასაზღვრო პოლიციაში მიგვიყვანეს, სადაც იყო რამდენიმე ოთახი, რომელიც ასევე დედებისა და ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. საკვები იყო საათობრივად, თავად უზრუნველყოფდნენ…მოკლედ, ბოლოს გამომიძახეს, მალევე დამანახვეს გზა და მითხრეს, აქედან უნდა წახვიდეო. გავყევი სხვა გოგოებს, რაღაც ავტობუსებით წაგვიყვანეს აეროპორტში. იქ უკვე ყველაფერი კარგად იყო, ცივილიზაციაში დავბრუნდი. ეს იყო დიდი ბედნიერება. თუმცა ის დღეები ასე ადვილი არ იყო”, – ჰყვება ერთ-ერთი ემიგრანტი ქალბატონი ვალერი გველუკაშვილთან საუბარში.

 

რისკები და პრობლემები, რაც ემიგრაციაში წასვლამდე უნდა იცოდეთ

 

რა პრობლემები ექმნებათ მოქალაქეებს საზღვარზე ან უცხოეთში ცხოვრების დროს, რა რისკებია არალეგალურად საქართველოდან გასვლის ან სხვა ქვეყანაში ცხოვრების დროს, როდის ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, რა უნდა იცოდეთ და რა გაითვალისწინოთ, ამ თემებზე იურიდიული საკონსულტაციო კომპანია “სი ელ ესის” მმართველ პარტნიორს – აბელ გეგიას დავუკავშირდით. ის ამბობს, რომ არსებობს რამდენიმე მთავარი საკითხი, რაც მოქალაქემ ემიგრაციაში წასვლამდე უნდა იცოდეს.

” ზოგადად, მიგრაციის საკითხი აქტუალური გახდა იმის გამო, რომ სიდუხჭირეა საქართველოში, ამიტომ ხდება გადინება.  არალეგალური ემიგრაცია, ცხადია, რამდენიმე რისკს შეიცავს. პირველ რიგში ვიცით, რომ არსებობს კომპანიები, რომელიც გეუბნება, რომ უზრუნველყოფს ყველაფერს. მოქალაქემ უნდა მოსთხოვოს ამ კომპანიას კონტრაქტი და ინფორმაცია, რას სთავაზობს კონკრეტულად, რა მარშრუტით წაიყვანს, ჩასვლისას ვინმე თუ დახვდება, ვინ დააბინავებს, რა ვალდებულებას იღებს კომპანია ასეთ დროს. მანამდე უნდა მოვიძიოთ ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია, ახლობლებში მოვიკითხოთ, ინტერნეტში მოვიძიოთ. არსებობს ტრეფიკინგის საფრთხე. პასპორტი არავის უნდა გადავცეთ. თუ მაინცდამაინც ითხოვენ, ნოტარიულად დამოწმებული მიუტანონ და დედანი თავად დაიტოვონ. მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების გზები.

არსებობს ე. წ. უკონტროლო წყლები, სადაც თუ მოხვდი, შეიძლება იმდენად საფრთხის შემცველი იყოს, რომ მეკობრეების ხელში აღმოჩნდეს. მაგ. ამერიკაში მექსიკის საზღვრიდან ცდილობენ შესვლას. სადაც კრიმინალური აქტივობა მეტია, რისკიც მეტი”, – ამბობს ადვოკატი. 

იურისტი ისეთ შემთხვევებზეც საუბრობს, როცა მოქალაქე ლეგალურად, მაგ. სასწავლო ვიზით მიდის და შემდეგ არალეგალად რჩება.  

“თუ დავუშვათ, ლეგალურად წავიდნენ და შემდეგ, დარჩნენ, ყველა ქვეყნის საემიგრაციო სამსახური ეძებს ხოლმე არალეგალებს, გადაჰყავთ დაკავების იზოლატორში და დეპორტაციას უკეთებენ. ეს თემა ძალიან ფართოა. არიან მოქალაქეები, რომლებიც ჰუმანიტარულ სტატუსს ითხოვენ, თავშესაფარს, ამას კიდევ სხვა დასაბუთება უნდა”, – გვეუბნება აბელ გეგია. 

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, როგორც აღმოჩნდა, 2020 წელს საქართველოში პირველად დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო, რაც COVID-19-ის პანდემიას და საზღვრების ჩაკეტვას უკავშირდება. წლების მანძილზე კი 2002-დან 2018 წლამდე პერიოდში ქვეყნიდან სულ 1 541 471 ადამიანი გავიდა.