LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია მარიკა თხელიძის ბათუმური ცხოვრება მეუღლესთან, შვილებთან და შვილობილთან ერთად და როგორ დაიბრუნა ხმა: „ოპერაციას გადავრჩი. პირველად რომ ვიმღერე მკურნალობის შემდეგ, ცრემლები წამომივიდა…“

34160
მარიკა თხელიძე

მომღერალი მარიკა თხელიძე მეუღლესთან, გიორგი მანველიძესა და შვილებთან ერთად ბათუმში ცხოვრობს.

მარიკა ახლახან მეორედ გახდა დედა, როდესაც მას და გიორგის გოგონა ვივიენი შეეძინათ.

მარიკა შვილებზე თავად ზრუნავს, ბათუმში ცხოვრებითაც ძალიან კმაყოფილია და აპირებს, კარიერასაც აქტიურად მიხედოს.

fortuna.ge-ს ის თავის პირად ცხოვრებასა და დაგეგმილ სიახლენიებზე ესაუბრა.

შენი პატარა გოგონას, ვივიენის შესახებ გვესაუბრე. როგორია, ვის ჰგავს და რთულია თუ არა მისი მოვლა?

მარიკა თხელიძე: 

ძალიან საყვარელი, უკეთილესი და აქტიური გოგოა. ხანდახან ძალიან სერიოზულიც, როგორიც მე ვიყავი ბავშვობაში, გიორგიც ძალიან სერიოზულია. ვივიენი დედასაც ჰგავს და მამასაც. დედაჩემს ამსგავსებენ კიდევ ვიზუალურად და ჩემს შვილს ნიკუშას.

ყოველთვის მომწონდა სახელი ვივიენი. სახელების შერჩევის დროს, ეს სახელი არ მახსოვდა და ამოვიკითხე სადღაც, ადრეც ძალიან მომწონდა და ჩემმა მეუღლემაც სცა პატივი ჩემს გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, გვარსაც უხდება  – ვივიენ მანველიძე.

რაც შეეხება მოვლას, ახლა ექვსი თვის არის და ვუვლი თავად, დედა მეხმარება. ნიკუშას პატარაობისას ვმუშაობდი სამინისტროში, შემოქმედებითადაც აქტიური ცხოვრება მქონდა, საჭიროება მოითხოვდა მაშინ ჩემს მუშაობას და სულ განვიცდიდი, რომ ნიკუშასთან იმდენ დროს ვერ ვატარებდი, როგორც მსურდა. ახლა ვივიენს არ აქვს ჩემი დეფიციტი, რადგან მე ავიღე საკუთარ თავზე მისი მოვლა, ამჟამად ძიძა არ გვყავს, მაგრამ ალბათ ნელ-ნელა ვიყოლიებთ დამხმარე ქალს, რომელიც ხელს შემიწყობს, რომ კარიერას მივხედო.

შენი უფროსი ვაჟი, ნიკუშა როგორ შეეგუა პატარა დაიკოს და თავის ახალ ცხოვრებას ბათუმში? და შენ როგორ გრძნობ ამ ქალაქში თავს?

სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიყვარდა ბათუმი და ჩემი დიდი ბაბუა თბილისიდან წლების წინ სწორედ ამ ქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად. ოჯახი ხშირად დავდიოდით ბათუმშო, აქ ნათესავებიც მყავს. ძალიან მიყვარს აქაურობა, მაგრამ სადაც დაიბადე და გაიზარდე, იქიდან რომ საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადადიხარ, ეს არ არის მარტივი. მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში ვარ გაზრდილი და ცოტა გამიჭირდა ამ კუთხით, მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები, თუმცა მახარებენ და ჩამოდიან, ან თუ ძალიან მენატრება თბილისი, მე თვითონ ჩავდივარ ხოლმე. სულ აქეთ-იქით დავდივართ…

ნიკოლოზსაც ცოტა გაუჭირდა თავისთავად, მაგრამ ძალიან კარგ ბაღში დამყავდა ბათუმში, კარგი მეგობრები შეიძინა და მათი დახმარებით გადალახა ეს ბარიერი. ახლა უკვე აქ დადის სკოლაში, ბაღელებთან ერთად, რადგან სკოლაშიც ერთად არიან, ასე რომ, თავისი წრე ჰყავს და თავს მშვენივრად გრძნობს.

ნიკუშა სულ მთხოვდა, მარტო ვარ და მინდა დედმამიშვილიო, ჩემთან ერთად დაიძინებს, მოვუვლი, მეც ვეთამაშები და ისიც მეთამაშებაო. ნიკოლოზი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო, ვივიენი რომ გაჩნდა, მისი მხრიდან ეჭვიანობის არანაირი მომენტი არ ყოფილა, სულ ეფერება, მეხმარება, შეუძლია დამიჭიროს კიდეც, ან გაართობს, თუკი ვთხოვ. ყველანაირად მეხმარება, როგორც დიდი კაცი, ისე იქცევა. შვიდ ივლისს უკვე შვიდი წლის ხდება. ასევე ძალიან მინდოდა გოგო მყოლოდა, ვივიენი ჩემი ოცნების გოგოა.

ვიცი, რომ მეუღლემ ლილიკო ნემსაძის სიმღერა გაჩუქა, რომლის პრემიერაც მალე შედგება. როგორ გიწყობს ხელს, რომ სცენას ისევ დაუბრუნდე?

როდესაც გავიცანი, მაშინვე ძალიან დიდი პატივისცემა გამოხატა, ჩემი, როგორც მომღერლის მიმართ. ძალიან მოსწონდა ჩემი სიმღერები. სადმე როცა ვართ, საზოგადოებაც მთხოვს, რომ ვიმღერო, მაგრამ გიორგის თავადაც სულ უნდა, რომ სცენაზე ავიდე. ამ ბოლო პერიოდში რადგან ცოტა გამოვეთიშე სიმღერას, ძალიან უნდა, სცენას ისევ დავბრუნდე. ძალიან მიწყობს ხელს. როცა ვთქვათ გადაღებაა თბილისში, არ დაიზარებს, რომ წამომიყვანოს. იცის, რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ თავად აქტიურობს.

ყელის ექიმთან ვიყავი მისასვლელი, რადგან გადაღლილი ვარ, ვათენებ ბავშვის მოვლაში, ბევრჯერ გადავდე, ბოლოს გიორგიმ თავად წამიყვანა. თურმე სერიოზული პრობლემები მქონია, გადავრჩი ოპერაციას, მივუსწარი და ვიმკურნალე, ხორხის თერაპია ჩავიტარე. ძალიან შემეშინდა, რადგან მითხრეს, რომ კეთილთვისებიანი წანაზარდები მქონდა. ფონიატრმა ირინა ქაცარავა და ეკა ფეიქრიშვილმა ძალიან დიდი დახმარება გამიწიეს და მიმკურნალეს იოგებზე, მას შემდეგ დავიბრუნე ჩემი ხმა. ვხვდებოდი, რომ მეტ-ნაკლებად პრობლემები მქონდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რამდენად დიდი პრობლემები მქონია.

მეუღლე არის ძალიან მზრუნველი, როგორც ვხვდები…

ხედავს, რომ სიმღერა ჩემი ცხოვრების ნაწილია. რომ ვიცოდე, ვეღარ ვმღერი, აღარ გავაგრძელებდი ამ საქმეს. საქმე, რასაც ვაკეთებ, ჩემთან ახლოს უნდა იყოს. მკურნალობის შემდეგ რომ ამოვიღე ხმა და წავიმღერე, ცრემლები მომადგა. ღვთის წყალობით, განვიკურნე. ხანდახან პერიოდულად რაღაც კურსს გავდივარ ხოლმე, რაც მომღერლისთვის ზოგადად აუცილებელია. ახლა დიდი სტიმულით ვარ, რომ ჩავწერო ახალი სიმღერები. ბათუმში სტუდიაში ლილიკოს ახალ სიმღერასაც ჩავწერ, რომელზეც კლიპსაც გადავიღებ და ერთ ძველ სიმღერასაც, უბრალოდ, არანჟირების ავტორს ველოდები…

როგორია შენი და გიორგის ურთიერთობა შვილის დაბადების შემდეგ? თუ გრჩებათ დრო რომანტიკისთვის, სიურპრიზებისა და საჩუქრებისთვის?

ბოლო ექვსი თვე დილის ცხრამდე ვათენებდი და რამდენიმე საათი მეძინა, მერე დედას ვთხოვდი ხოლმე, რომ შვილთან ყოფილიყო, მე რომ გამომეძინა. მთელი ექვსი თვე ეს პერიოდი გავიარე. ვივიენი საოცარი ბავშვია, დიდი სიხარული შემოიტანა ჩვენს ოჯახში და მე და გიორგი დაგვაახლოვა, თითქოს უფრო გაამყარა ჩვენი ურთიერთობა, უფრო მეტი ენერგიაც მაქვს. ჩემი მეგობრები მეკითხებიან, საიდან მოგდის ეს ენერგიაო? ფენიქსივით ვარ. გიორგი გაგიჟებულია, ისეთი საოცარი ბავშვია ვივიენი,..

გვინდა დასასვენებლად წასვლა. რა თქმა უნდა, ცალკე კარგია, მაგრამ ოჯახის ერთიანობა მნიშვნელოვანია და მინდა, რომ შვილები ხშირად იყვნენ ჩვენთან. თავად რომ ერთობიან და ბავშვებს სხვა ადამიანები ზრდიან, ასე არ მინდა. მე და გიორგიმ შვილებთან ერთად ბევრი დრო უნდა გავატაროთ. ახლა ჩვენთან ერთად არის ბარბარე, გიორგის ქალიშვილი, სამ ბავშვთან ერთად ვართ. დღე იწყება ზღვით ან აუზზე გასვლით, შემდეგ პარკში გავდივართ. თბილისში გადაღებაზეც კი წამოვიყვანე ბარბარე, ძალიან აინტერესებდა. დედას მეძახის, მე კი – შვილობილს. ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს და ვივიენის მოვლაშიც მეხმარება…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები