LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ არა ემიგრანტები, ალბათ, მე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი, დღეს თქვენს წინაშეა უკვე ძლიერი ქეთი, შვილთან შეხვედრის მოლოდინში“ – გაიცანით გოგო, რომელმაც იტალიაში ინტერნეტ-ტელევიზია დააფუძნა და საავტორო სიმღერა ჩაწერა

596
ing

„არასოდეს დანებდეთ, არ შეუშინდეთ ცხოვრებას, საკუთარი მიზნების მისაღწევად ბოლომდე იბრძოლეთ და ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ“, – ასე მიმართავს ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ჟურნალისტი და ბლოგერი ქეთი ნოგიევა, რომელიც უკვე მესამე წელია თავადაც ემიგრაციაშია.

სამშობლოსგან და 5 წლის ქალიშვილისგან შორს, იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, განვლილ გზას, გადალახულ სირთულეებსა და მიღწეულ წარმატებას „ფორტუნას“ მკითხველს უზიარებს.

ემიგრაციაში პირველი ნაბიჯები, ისევე როგორც ყველა ემიგრანტისთვის, ქეთისთვისაც რთული და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა ყოველდღიური ბრძოლითა და შრომით, საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცა, რომ თუ მოინდომებ და არ დანებდები, ყველაფერი გამოვა.

ემიგრაციაში მყოფმა ქეთიმ პროფესიაზე უარი არ თქვა და ქართულ-იტალიური ინტერნეტ-ტელევიზია დააფუძნა. ამასთან, არც ბავშვობის გატაცება დაივიწყა და მრავალი წლის შემდეგ, ამჯერად, იტალიაში ამღერდა. სიმღერას – „Dammi il cuore“, რომლის პრემიერა უკვე შედგა, სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

ქეთი გვიყვება, რომ წინ უამრავი სურვილი და მიზანია, რომლის განხორციელებასაც იტალიასა და საქართველოში ერთობლივად გეგმავს, მანამდე კი ცხოვრების ყველაზე მთავარი შეხვედრა ქალიშვილთან ელოდება…

 

„ჯოჯოხეთური ღამე და დღეები გადავიტანე“ – ემიგრაციის გზა და პირველი ნაბიჯები

 

ქეთი აფხაზეთიდან დევნილია. 16 წლის ასაკიდან ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. კარიერაში პაუზა 19 წლის ასაკში, დედის გარდაცვალების გამო მოუწია. ცხოვრების რთული ეტაპიც აქედან დაიწყო.

„ყველაფერი თავზე დამემხო, ყველაზე რთული პერიოდის გადალახვა მარტოს მომიწია, შემდეგ იყო პაუზა პროფესიაში, სტრესის გამო, ჯანმრთელობის პრობლემებიც შემექმნა. 2 წელიწადში დავოჯახდი. შვილი, 1 წლის და 11 თვის იყო, როდესაც მეუღლეს დავშორდი.

იძულებული არ ვყოფილვარ, ემიგრაციაში წავსულიყავი, თუმცა მქონდა სურვილი, ჩემი და ჩემი შვილისთვის საკუთარი კერა შემექმნა. არ მინდოდა სხვაზე დამოკიდებული ვყოფილიყავი, ამიტომ 2020 წელს გადავწყვიტე, ემიგრაციაში წამოვსულიყავი და აქ გამომუშავებული თანხით ბინა მეყიდა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყოფილ მეუღლეს და მის დედას, რომელმაც ამ წლების განმავლობაში ჩემს შვილს ნამდვილი დედობა გაუწია. რომ არა, მათი მხარდაჭერა, ამ ყველაფერს ვერ განვახორციელებდი“

 

ქეთი იხსენებს იტალიაში ჩასვლის პირველ დღეებს, როდესაც უცხო ქალაქში, ღია ცის ქვეშ, სრულიად მარტო დარჩა.

„კოვიდპანდემიის გამო იტალია წითელ ზონად იყო გამოცხადებული. ენის უცოდინარობის თუ დაბნეულობის გამო, ღამის 12 საათზე, მატარებლის ბაქანი შემთხვევით ამერია და გამასწრო. რადგან ყველაფერი დაკეტილიყო, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, წვიმიან და სუსხიან ამინდში, დილის 5 საათამდე, მარტოს მომიწია ყოფნა.

ამ ყველაფერს დღეს, მარტივად ვიხსენებ, მაგრამ სინამდვილეში, მაშინ ჯოჯოხეთური ღამე და დღეები გადავიტანე“

ოჯახში მომვლელად მუშაობის პარალელურად, ქეთიმ იტალიური და ინგლისური ენების შესწავლა დაიწყო:

„იტალიურ ენას ფლორენციის ერთ-ერთ სასწავლებელში ვსწავლობდი. ერთ დღეს, საკუთარი ინიციატივით, ტელეფონით ინგლისურენოვანი სიუჟეტი მოვამზადე. ალბათ, ჩემი პროფესია მეძახდა, თან ვიფიქრე, რომ ეს ჩემი სულის გადარჩენა იქნებოდა. სიუჟეტს გამოქვეყნებისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასე გამიცნეს ქართველმა ემიგრანტებმა. ამ ყველაფერმა დეპრესიიდან გამომიყვანა და ძალიან დიდი ძალა მომცა“

 

„Dammi il cuore“ – პირველი საავტორო სიმღერა ემიგრაციაში

 

ემიგრანტობამ ქეთი ნოგიევა ბავშვობის გატაცებასთან – მუსიკასთანაც დააკავშირა. როგორც გვიყვება, ბავშვობიდან მღეროდა, მუსიკალური სასწავლებელიც დაამთავრა, თუმცა 16 წლის ასაკის შემდეგ, სიმღერა აღარ გაუგრძელებია.

„როდესაც იტალიის სადგურში მატარებელმა გამასწრო, ცარიელი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეფონი ავიღე და გადავწყვიტე ჩემს განვლილ გზაზე ვიდეო გადამეღო.

ავირჩიე ერთ-ერთი იტალიური სიმღერა, ჩავწერე ქავერი და ვიდეორგოლში ის გზა ავსახე, რომელიც შვილთან ერთად გავიარე.

ეს ქავერი, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ჩამიწერა იტალიელმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, დუჩო ლიმბერტიმ, რომელიც უსინათლოა და ჩემთვის ასმაგად ემოციური დატვირთვა ჰქონდა მის ამ დამოკიდებულებას.

 

უამრავ ადამიანს შორის ერთ-ერთი, ვინც ვიდეოკლიპი ნახა, იტალიელი მუსიკოსი ვიტორიო რეალე აღმოჩნდა. ჩემი ხმა მოეწონა, მომწერა, რომ სიმღერის ჩაწერა უნდოდა“, – იხსენებს ქეთი და ამბობს, რომ დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, შემოთავაზებას საბოლოოდ დასთანხმდა.

საავტორო სიმღერის „Dammi il cuore“ პრემიერა, 30 ნოემბერს, რადიო „ალტო იონიოში“ შედგა.

ამავე სიმღერის პრემიერა მოგვიანებით, იტალიის ერთ-ერთ რესტორანშიც გაიმართა, რომელსაც პუბლიკა ოვაციებით შეხვდა.

ახლა კლიპი მონტაჟის ეტაპზეა, რის შემდეგაც ინტერნეტ-ტელევიზიის გვერდებსა და სოციალურ ქსელში განთავსდება.

„სიმღერას გავაგრძელებ, რადგან ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია მომცეს. სოციალურ ქსელში წერენ: „ველოდებით შენგან ცხელ-ცხელ სიმღერებს“, „ამას ჩვენი ქართველი მღერის, როგორი საამაყოა“.

ქართველი ემიგრანტების მიმართ დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. უსაზღვრო სიყვარულს და სითბოს გამოხატავენ. ყოველთვის ვამბობ, რომ არა ემიგრანტები, ალბათ, მე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი“, – ამბობს ქეთი და ვიდეოკლიპის მცირე მონაკვეთს გვიზიარებს.

 

„ბევრი სტრესი და ნერვიულობა გადავიტანე“ – შვილთან შეხვედრის მოლოდინში

 

„ემიგრანტი დედების მიმართ მოვისმინე ძალიან ბევრი კრიტიკა: „როგორ შეუძლიათ, რომ შვილები დატოვონ“, ამის გამო მეც ბევრი სტრესი და ნერვიულობა გადავიტანე. არც ერთ დედას არ უხარია შვილის დატოვება, მაგრამ ყველას საკუთარი მიზეზი აქვს“, – ამბობს ქეთი, რომელმაც ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში, ქალიშვილი ორჯერ ნახა.

ევა დედას იტალიაში, მცირე ხნით სტუმრობდა, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, სამომავლოდ, ეს მოცემულობა შეიცვლება და შვილი მალე გვერდში ეყოლება.

 

„თუ ჩემს მომავალს ვცვლი, ეს ყველაფერი ჩემი შვილის მომავალზეც აისახება. მართალია, შვილის გარეშე გატარებულ წლებს ვერავინ ამინაზღაურებს, თუმცა ემიგრაციაში ჩემთვის ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. გეგმაში მაქვს, რომ ჩემი შვილი ჩემთან წამოვიყვანო.

ყველა ღიმილის უკან ცრემლი დგას. სახლში ვტიროდი და გარეთ რომ გამოვდიოდი, ვიღიმოდი, რადგან არ მინდოდა ჩემი ტკივილი ვინმესთვის თავს მომეხვია, თან მაშინ, როდესაც მეუბნებოდნენ: „ქეთი, შენ ჩვენი მოტივაცია ხარ“.

მარტომ ბევრი რამ გადავლახე, პანიკური შეტევებიც მქონდა.

დღეს კი თქვენ წინაშეა უკვე ძლიერი ქეთი, რომელიც შვილთან შეხვედრის მოლოდინშია – ყოველ ღამე მესიზმრება, როგორ ჩამოვდივარ საქართველოში და როგორ ვხვდები ჩემს შვილს ბაღში, ჩემი შვილიც ჩემს მოლოდინშია“

 

პირველი ქართულ-იტალიური ინტერნეტ-ტელევიზია 

 

ამ ეტაპზე ქეთი მის მიერ დაფუძნებული ქართულ-იტალიური ინტერნეტ-ტელევიზიის განვითარებაზე მუშაობს და „ფორტუნას“ საკუთარ გეგმებს უზიარებს:

„მქონდა რუბრიკა „ემიგრანტის საათი“, რომელშიც იტალიაში მყოფი ქართველები საკუთარ ისტორიებს  მიზიარებდნენ. ამას მოჰყვა პირველი ქართულ-იტალიური გადაცემა „ცხოვრება მშვენიერია“, რომელშიც მაყურებელი საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს ეცნობოდა.

როდესაც პირველი ეპიზოდი გამოვაქვეყნე, 100 000-მდე ნახვა და უამრავი კომენტარი ჰქონდა, ამ პერიოდში მიმტანად ვმუშაობდი. გამოხმაურებებმა მიბიძგა, ინტერნეტპლატფორმა შემექმნა, რაც საბოლოოდ ინტერნეტ-ტელევიზიად იქცა.

პრეზენტაციაზე იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული უამრავი ქართველი ემიგრანტი ჩამოვიდა, მათთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ფლორენციაში ინტერნეტ-ტელევიზია გაიხსნა, ძალიან გახარებულები იყვნენ…

ექსკლუზიურად „ფორტუნას“ მკითხველს გავუზიარებ – ძალიან მალე ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და ქართულ-იტალიური ტელევიზიის პრეზენტაციის საქართველოში გამართვას..“

ქართველ ემიგრანტს გეგმაში ბევრი პროექტი აქვს. ქეთი ნოგიევას ერთ-ერთი მთავარი სურვილია, რომ იტალიას საქართველო გააცნოს.

„ჩემს მიერ გადაღებული ეპიზოდი ერთ-ერთი იტალიური ტელეარხის პროდიუსერმა შეაფასა, როგორც დოკუმენტური ფილმი და გამოთქვა სურვილი, კინოს ფესტივალზე წარვადგინოთ“, – ამბობს ქეთი ნოგიევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g