LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ნატო-ში საკუთარი დიპლომატიური მისიის საქმიანობას აჩერებს

69
სერგეი ლავროვი

რუსეთი ნატო-ში საკუთარი დიპლომატიური მისიის საქმიანობას აჩერებს. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება ალიანსის მიერ რუსეთის მისიის 8 წევრის გაძევების საპასუხოდ მიიღო.

„ნატო არ არის დაინტერესებული თანაბარი დიალოგით და ერთობლივი მუშაობით. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ ვერ ვხედავთ აუცილებლობას, გავაგრძელოთ იმის მოჩვენება, რომ ცვლილებები ახლო მომავალში შესაძლებელია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ მოსკოვში ნატო-ს სამხედრო მისიის თანამშრომლებს 1-ელი ნოემბრიდან ჩამოერთმევათ აკრედიტაცია და რუსეთის დედაქალაქში ალიანსის საინფორმაციო ოფისიც დაიხურება.

„თუ ნატო-ს წევრებს რაიმე გადაუდებელი საკითხი აქვთ, მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენს ელჩს ბელგიაში“, – განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

ნატო-მ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის მისიის რვა წევრი გააძევა, რომელიც, ალიანსის მტკიცებით, „რუსეთის დაზვერვის ოფიცრები“ იყვნენ. მოსკოვის შეფასებით, ამ ნაბიჯმა შეარყია იმედი, რომ ალიანსთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები