LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთი საკუთარ ზურგში მშვიდად ვერ იქნება.. თუკი დადასტურდა, რომ ეს სარაკეტო კომპლექსი უკრაინამ საშტატო შეიარაღებად მიიღო, ეს ძალიან დიდ გარდატეხას მოახდენს“ – ანდრო გოცირიძე

604
ანდრო გოცირიძე

„ძალიან ყურადსაღებია ის გარემოება, რომ უკანასკნელ პერიოდში, უკრაინელები წარმატებით ესხმიან თავს ზურგში მყოფ მომარაგების ცენტრებს, იქნება ეს სამხედრო ინფრასტრუქტურა, საბრძოლო მასალების საწყობები თუ ლოჯისტიკური კვანძები, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ისედაც ცუდ ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, კიდევ უფრო ართულებს“, – ამის შესახებ „ფორტუნასთან“ საუბრისას ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძემ განაცხადა, რითაც უკრაინელების მხრიდან გუშინ, ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსულ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მიტანილი ავიაიერიშის მნიშვნელობა შეაფასა.

როგორც ანდრო გოცირიძემ აღნიშნა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყირიმზე დარტყმას უზარმაზარი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, რადგან ნახევარკუნძული აქამდე უკრაინული შეიარაღებისთვის მიუწვდომელი იყო. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს ყოვლად არაპროვოცირებული და სასტიკი ომი, რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან ყირიმის წართმევით დაიწყო.

„აღნიშნული აეროდრომი მეტად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ნიკოლაევისა და ხერსონის მიმართულებით – იყო რუსული ავიადარტყმების საბაზისო პუნქტი, აქედან ხორციელდებოდა საბრძოლო გაფრენები და გარდა ფსიქოლოგიური მნიშვნელობისა, ბუნებრივია, ამ ყველაფერს წმინდა სამხედრო კუთხითაც დიდი მნიშვნელობა გააჩნია.

ძალიან ყურადსაღებია ის გარემოება, რომ უკანასკნელ პერიოდში უკრაინელები წარმატებით ესხმიან თავს ზურგში მყოფ მომარაგების ცენტრებს, იქნება ეს სამხედრო ინფრასტრუქტურა, საბრძოლო მასალების საწყობები თუ ლოჯისტიკური კვანძები, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ისედაც ცუდ ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, კიდევ უფრო ართულებს“, – უთხრა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

უსაფრთხოების სისტემების ექსპერტის შეფასებით, რუსეთის ლოჯისტიკური პრობლემები ომის დასაწყისშივე ჩანდა, რის შემდეგაც (ომის გაგრძელებასთან ერთად) თითქოსდა დალაგდა, თუმცა ახლა, სწორი დარტყმებით რუსული სამხედრო ნაწილების მომარაგება რთულდება, რაც გოცირიძის თქმით, საბრძოლო უპირატესობის უკრაინელების ხელში გადასვლას იწვევს.

„პრინციპში, მანამდე საბრძოლო საწყობებზე ძალიან მძიმე დარტყმა მიიტანეს, რამაც განადგურება გამოიწვია. ახლა აეროდრომზეა საუბარი. ამას წინათ კოლონებიც ძალიან აქტიურად იბომბებოდა, ეს ყველაფერი მომარაგებაში ძალიან დიდ პრობლემებს წარმოქმნის.

ხიდები დაიბომბა და შესაბამისად, როცა მომარაგება წყდება, იქმნება დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ უკრაინული არმია კონტრშეტევაზე გადავიდეს. თანაც ფსიქოლოგიურად, რუსულ ჯარზე გამანადგურებლად მოქმედებს, რაც უკრაინელებისთვის მხოლოდ კარგი შედეგის იმედს იძლევა. 

რა თქმა უნდა, უაზრო ოპტიმიზმში არ უნდა გადაგვეზარდოს, რომ ომი მალე დასრულდება და უკრაინის ტერიტორია ერთ ან ორ თვეში გათავისუფლდება, ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ახლა საუბარია სამხედრო, სტრატეგიულ უპირატესობაზე, ასეთი თავდასხმები კი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს.

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: გავრცელდა მრავალი ვერსია – რუსები ამბობენ, რომ ეს დაუდევრობის შედეგი იყო, ამბობენ დივერსიის ვერსიასაც, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა ვერსია, რომელიც რეალობასთან ძალიან ახლოსაა – რომ ეს იყო უკრაინული მძიმე შეიარაღება, ოპერატიულ ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი, ე.წ გრომ 2 (Grom-2), რომელიც წლების მანძილზე მუშავდებოდა უკრაინაში და რომლის ფრენის სიშორე, ყველა სხვა დანარჩენ იარაღზე შორს – 400-დან 500-კილომეტრამდეა, პრაქტიკულად, „ისკანდერის“ ანალოგია.

 

სარაკეტო კომპლექსი Grom-2

 

თუკი დადასტურდა, რომ ეს შეიარაღება, რომელიც უკრაინის დამუშავებაში იყო, ქვეყანამ უკვე საბრძოლო მოქმედებაში საშტატო შეიარაღებად მიიღო, ეს ძალიან დიდ გარდატეხას შეიტანს, რადგან ამ სიშორეზე ჯერჯერობით უკრაინული შეიარაღება (იგულიხმება დასავლეთის მიერ მიწოდებული შეიარაღება) ვერ სწვდებოდა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი საკუთარ ზურგში მშვიდად ვერ იქნება.“– განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

ამავე თემაზე:

მიხაილო პოდოლიაკი – ყირიმი არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის, ყველაფერი ჯერ ახლა იწყება

“შეგახსენებთ, კრაისერი “მოსკოვი” თავიდან “არ იძირებოდა” – გონჩარენკოს სარკასტული პოსტი ყირიმში მომხდარ აფეთქებაზე

პოდოლიაკი: “დედა, ჩვენ უნდა წავიდეთ” რუსი ქურდების ახალი სლოგანია

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის ომი უკრაინასთან ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები