პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვისაც ცხადია, რომ მსოფლიო დიდი კონფლიქტის ზღვარზეა, ასევე, ცხადია, რომ საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ, მოვლენათა ქარცეცხლში აღმოჩნდება და ვფიქრობ, ძალზედ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ამ ქარცეცხლში უეჭველად გადავრჩეთ, – ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.
ინაშვილის თქმით, უპირველეს ყოვლისა, „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, ყველა სიტყვა აწონ-დაწონოს, რადგან არსებულ ვითარებაში ნატო-ს მხარდასაჭერად ხმამაღალი განცხადებები უადგილოა.
„ვფიქრობ, გასული ორი კვირა ძალზედ დამაფიქრებელია: ჯერ გერმანიის კანცლერი, შემდეგ კი, საფრანგეთის პრეზიდენტი ესტუმრნენ მოსკოვს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც მოსკოვში გახლდათ. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსაუბარი შედგა, შემდეგ კი, აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ მიმართა რუს ხალხს და რამდენიმე საგანგებო განცხადებაც გააკეთა. აღარაფერს ვამბობ ნატო-ს მოქმედი და ყოფილი გენერალური მდივნების საჯარო მიმართვებზე და სხვადასხვა პოლიტიკოსისა, თუ სამხედროების განცხადებებზე.
დამაფიქრებელია ასევე, რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების განცხადებებიც: რუსეთს კონკრეტული მოთხოვნები აქვს და, ჩემი აზრით, უკან ვეღარ დაიხევს. როგორც ჩანს, არც დასავლეთი აპირებს რაიმეს დათმობას: გერმანიამ აღიარა, რომ უსაფრთხოების არსებული სისტემა ქმედითი არაა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა „რბილად“ ისაუბრეს უკრაინის შესაძლო ნეიტრალიტეტზე და მეტი არც არაფერი!
პირადად ჩემთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც ცხადია, რომ მსოფლიო დიდი კონფლიქტის ზღვარზეა და აქ საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე ან აზიასა თუ აფრიკაზე, აქ საუბარია ახალ წესრიგსა და წესებზე! ჩვენი გუნდისთვის ასევე ცხადია, რომ საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ, მოვლენათა ქარცეცხლში აღმოჩნდება და ვფიქრობ ნათელია, რომ ძალზედ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ამ ქარცეცხლში უეჭველად გადავრჩეთ! უპირველეს ყოვლისა, „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ, ყველა სიტყვა აწონ-დაწონოს, რამეთუ არსებულ ვითარებაში ხმამაღალი განცხადებები ნატო-ს მხარდასაჭერად უბრალოდ უადგილოა“, – წერს ირმა ინაშვილი.
ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მიმართავს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პარტიებს, ორგანიზაციებსა და, რაც მთავარია, მედიას.
„ალბათ, პირველად ცხოვრებაში, საჯაროდ მივმართავ სააკაშვილის მხარდამჭერ პარტიებს, ორგანიზაციებსა და, რაც მთავარია, მედიას: მოგიწოდებთ მაქსიმალური კორექტულობისკენ, რუსეთის ლანძღვა-გინება, განსაკუთრებით ახლა, არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, მოგვიტანს მხოლოდ უბედურებას!” – აცხადებს ინაშვილი
სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა და ეს დაპირისპირება დამღუპველია საქართველოსთვის. ახლა დაპირისპირებაზე კი არა – ნორმალიზებაზე უნდა ვიზრუნოთ, ახლა დიპლომატია და ბრძნული სიტყვაა საჭირო, თუ გვინდა გადავრჩეთ! გრძნობს რა პასუხისმგებლობას, ჩვენი გუნდი დღეს, ისევე როგორც შარშან, კვლავ საჯაროდ მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ვიმოძრაოთ საერთო ენის გამონახვისა და ურთიერთობის დათბობისკენ და არა დამღუპველი დაპირისპირებისკენ“, – წერს ირმა ინაშვილი.