საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა: „მომეცით საშუალება დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ – მე“, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „სააკაშვილი საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან არის დებატებში“.
თალაკვაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მაქსიმუმი გააკეთოს კვების აღდგენის კუთხით.
„სააკაშვილი დებატებშია საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან. ჩვენ არაფერი გვაქვს მასთან სადებატო. ის პატიმრობაშია და ჩვენ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვზრუნავთ მაქსიმალურად, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. მინდა შევახსენო ოპონენტებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ უკვე მიიღო 2 გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით და ამით ყველაფერი ნათქვამია – არავითარი პოლიტიკური დებატები და განმარტებები ამას აღარ სჭირდება. სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადასტურა, რომ სპეკულაციები, რაც სააკაშვილის გარემოცვისგან იყო სახელმწიფოს მიმართ, იყო უსაფუძვლო. მე მინდა, პირველ რიგში, პატიმრობაში მყოფ ყველა პირს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც ვუსურვო ჯანმრთელობა და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ პატიმრების უფლებები და ჯანმრთელობა იყოს დაცული. ვამბობდით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომ არის ორი მთავარი პირობა, რომ მან ითანამშრომლოს და შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია და დანიშნულება, რასაც ექიმები აძლევენ, ასევე მაქსიმუმი გააკეთოს კვების აღდგენის კუთხით. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებულია. როგორც ექიმები ამბობენ, ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნება ეფექტური. სრული მზადყოფნაა, რომ უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობა. მის გარემოცვას მინდა მოვუწოდო, მილიონების ხარჯვა სპეკულაციების სიმართლედ გადაქცევაში, სახელმწიფოს დადანაშაულება იმაში, რაც არ მომხდარა და ეს სტრასბურგმა დაადასტურა, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასწორი და ეს არის სახელმწიფოს და იმ პრინციპების წინააღმდეგ, რასაც თავად ამტკიცებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასობით სხვა ადამიანი იმყოფება დღეს პატიმრობაში და სხვა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დანაშაულები ჩაიდინეს წარსულში, საპატიმრო დატოვეს ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობით, რადგან ისინი თანამშრომლობდნენ სამედიცინო სამსახურთან და იცავდნენ იმ პირობებს, რომელიც პატიმრობაში მყოფ პირს სჭირდება ჯანმრთელობის დაცვისთვის,“ – განაცხადა თალაკვაძემ.