აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშის და კომიტეტის წევრი ჯინა შაჰინის წერილს, რომელიც მათ საქართველოს მთავრობას გამოუგზავნეს, “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა ეხმაურება. თბილისის ყოფილ მერს აინტერესებს, ამ დრომდე რატომ არ კეთდება შეფასებები უმრავლესობის მხრიდან. უგულავამ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს აღნიშნა, რომ სენატორების წერილზე უფრო საინტერესო, მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის აზრია.
დემოკრატია შესუსტებულია: აშშ-დან ისევ წერილია ბატონო პრემიერო!
„მე უფრო მაინტერესებს „ქართული ოცნების“ კომენტარები, მაგალითად, გურამ მაჭარაშვილის, რომელიც კონგრესმენებისა და სენატორების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. მაინტერესებს, ბატონი გახარიას პასუხი, რომელიც გუშინ ნახევარი საათის განმავლობაში „ფრონტერაზე“ გველაპარაკებოდა. ბატონო გიორგი, ესეც „ფრონტერასთან“ არის დაკავშირებული, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებზე ლაპარაკობენ?! როდესაც პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების ცემაზე და „დაპადიეზდებაზე“, არჩევნების ჩაგდებაზე ლაპარაკობენ, ესეც „ფრონტერა“ არის?! როგორ შეიძლება გყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ერთი სული აქვს კამერასთან სისულელე თქვას და გაიქცეს. სად არის კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?! მახსენდება კლასიკური ანდაზა, „უნამუსოს აფურთხებდნენ და ის კიდევ იძახდა წვიმა საიდან მოდისო“. აი, ასე არის ამათი საქმე. გამოვლენ და კიდევ ზღაპრებს მოიგონებებ, ნაცვლად იმისა, რომ გააცნობიერონ იმ უფსრკულის საფრთხე, რომლის წინაშეც ქვეყანას აყენებენ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ 29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო, რომელიც, მათი თქმით, მიანიშნებს, რომ ქვეყანა „უარს ამბობს“ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებზე და იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაუარესებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად სწრაფ ზომებს მიიღებს.