LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრთხე რეალურია: მეუფე გრიგოლს პაატა იმნაძის გამოსვლამ 9 აპრილი გაახსენა და წირვას მრევლის გარეშე აღავლენს

898
მეუფე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, პაატა იმნაძის სიტყვებმა 9 აპრილი გაახსენა.

მეუფის თქმით, რეალობა ძალიან დამაფიქრებელია.

თავი სიზმარში მგონია, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ არის. რეალობა ძალიან დამაფიქრებელია. ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა გამახსენა 1989 წელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა, შეკრებილი იყო მწვანეფორმიანი ადამიანების დიდძალი რიცხვი, რომლებიც ნიჩბებითა და ხელკეტებით იყვნენ მომართულები და ამ დროს პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია. აი, ამ სიტყვებით მიმართა. რაც მოჰყვა ამას, ეს ჩვენ კარგად ვიცით. შესაძლოა სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს ამ საფრთხეს.

დღეს კვლავ გავიგეთ ეს სიტყვები, ოღონდ პაატა იმნაძისგან, საფრთხე რეალურია. დღეს უკვე ჩვენს თვალწინ არის ცოცხალი მაგალითები მთელ მსოფლიოში, როცა არის უდიდესი მსხვერპლი, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია და საფრთხის ქვეშ არიან, მავანნი კიდევ მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აი, ამ ფონზე ჩვენ გვესმის საფრთხე რეალურია, თან გეტყვით ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე. ეს მსმენელი, ანუ ამის მიმღები და გამგონი, რა თქმა უნდა, არის თითოეული მოქალაქე, თითოეული ინსტიტუცია, ვინც ამ ხალხზე არის პასუხისმგებელი და რა თქმა უნდა, მათ შორის ეკლესიაც. ამ რეალობას და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერსად ვერ წაუვალთ”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ ვითარებაში მთელი პასუხისმგებლობა მოქალაქეებს დაეკისრათ.

“ასეთი ორგანო საპატრიარქოში არ არსებობს, რომელიც ამ კრიზისის პირობებში პასუხისმგებლობას აიღებდა. ასეთი არის წმინდა სინოდი, რომლის სხდომა ადრე გაიმართა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მას შემდეგ რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ, თუმცა ეს ყველაფერი არის რეკომენდაციები და რეკომენდაცია კი დიდად განსხვავდება კურთხევისგან. საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს, ვინც ისეა მონდობილი ეკლესიაზე, როგორც ჩვილი დედის მკერდზე. ეს ხალხი არის მრევლი, რომლებიც იმედის თვალით შეგყურებს და ელის შენგან მაცხონებელ სიტყვას. როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული და არ შეიძლება ჩვენ არ დავუჯეროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან და სახეზეა მოვლენების ასეთი განვითარება”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა და საფრთხეების გამო მეუფე გრიგოლმა საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. სააღდგომო წირვა ფოთის საკათედრო ტაძარში კვირა დილით, ტაძრის ეზოში ჩატარდება.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის განცხადებით, ის სააღდგომო ლიტურგიას მონასტერში აღასრულებს სასულიერო პირებთან ერთად, მრევლის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g