“გამოხატვის უფლებაზე უფრო მაღალი უფლება არის ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება” – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
გამყრელიძეის თქმით, ყველა შეკრების დროს უნდა დაიცვან რეგულაციები.
„ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვერავინ აუკრძალავს ადამიანს გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს, მაგრამ ამასთან ერთად დაცული უნდა იყოს ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, იმიტომ, რომ ვცხოვრობთ პანდემიის პერიოდში“, – აცხადებს გამყრელიძე.
გამყრელიძემ 8 ნოემბერს თბილისში გამართულ აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციების შედეგს კორონავირუსში ერთი კვირის შემდეგ ვიხილავთ.
„ასეთი დიდი თავშეყრები და შემდეგ დაუცველი უმართავი პროცესები შემდგომ ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელებას ქვეყანაში და ამას ჩვენ დავინახავთ არა მეორე დღეს, არამედ ჩვენ დავინახავთ ხუთი, შვიდი დღის შემდეგ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კითხვაზე რამდენად გაზრდის პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენა დაინფიცირებულთა რიცხვს, გამყრელიძე პასუხობს.
„ჩვენ ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები. ეს შეკითხვა გუშინაც დამისვეს და გამოიწვია ამან ის, რომ ჩემზე „საღამოს გაისეირნეს კარგად“. ჩვენ ექიმები ვდგავართ წინა ხაზზე უზარმაზარი გამოწვევის პერიოდში. ტყუილად არ გისახელებთ ციფრებს, რომ მილიონ 30 ათასი ზე მეტი დაღუპულია მსოფლიოში კორონავირუსით.
საქართველოში 500 ადამიანამდე გვყავს გარდაცვალებული. პანდემია არ ჩერდება და ექიმებს თავი დავანებოთ და პოლიტიკაში ნუ ჩავრევთ.
ექიმებს ჩვენი საქმე გვაქვს. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნის წინაშე. ამიტომ არ მინდა, ქვეტექსტებითა და პასაჟებით დასმული კითხვები“, – აცხადებს გამყრელიძე.
„გუშინ, რაც გვარამიამ ჩემ მიმართ იკადრა, მე პასუხს არ ვცემ. ჩემ მიმართ შეკითხვა დასმული იყო პოლიტიკური ქვეტექსტით და არ გავეცი პასუხი. იცის, ამ არხის გენერალურმა დირექტორმა…
ვიღაცისგან წიხლი საწყენი არაა… ხომ იცით?!
რაც მან გუშინ საღამოს ჩემ მიმართ იკადრა… არ ვერევი პოლიტიკაში. განა არ შემიძლია? მაქვს პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ დღეს ჩემთვის მთავარი ხალხის ჯანმრთელობაა და ჩემს გამოცდილებას ამ მხრივ ვიყენებ.
რესპირატიულ დაავადებებს წყალიც, სიცივეც, თოვლიც ხელს უშლის. ხელს უშლის დიდი შეკრებებიც“, – აცხადებს გაყრელიძე.
გუშინ გამყრელიძეს მისი პოზიციის გამო აკრიტიკებდნენ. სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა. „სამი მუშკეტერის“ მიმართ უარყოფითი შინაარსის კომენტარები დაიწერა, მათ შორის ერთ-ერთი ნიკა გვარამიას ეკუთვნოდა.