უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ, რუსული ძალები, მიკოლაივის ოლქს „კამიაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს. გარდა ამისა, ქალაქი მიკოლაივი და ოლქი დროებით ოკუპირებული ხერსონიდან დაბომბეს.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქი და ოლქის დასახლებების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის განცხადებით, სიტუაციის მოგვარების მიზნით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.
მისივე ინფორმაციით, მიკოლაივს S-300 რაკეტები ესროლეს. თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი სახლის ნანგრევებში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ძალები დღეს დილით თავს დაესხნენ ხარკოვსაც. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. „წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს ტერიტორია თავდასხმის ქვეშაა“, – განაცხადა მერმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა დნიპროშიც, სადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა.
ასევე, კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება იუწყება, რომ კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში, მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 10 სარაკეტო და 58 ავიაიერიში განახორციელა. თავდასხმები უკრაინის 35-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე მოხდა.
გენშტაბის ინფორმაციით, ავიაიერიშები განსაკუთრებით ინტენსიური კიევის, ოდესისა და მიკოლაევის ოლქებში იყო.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის ირანული წარმოების 43 უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედ-136“ გამოიყენეს. უკრაინელებმა 38 მათგანის ჩამოგდება შეძლეს.
უკრანასკნელი ცნობებით, მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა. მედიის ცნობით, დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაშის სიგნალი 06:26 საათიდან გრძელდება.
ყველაზე ბოლოს საჰაერო განგაში იმიერკარპატების ოლქის ტერიტორიაზე გამოცხადდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში