დღეიდან კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები გაიფიცნენ.
როგორც მრეწველობის პროფკავშირის „ლაბორ“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დასაქმებულები იფიცებიან, რადგან მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო.
„საირმე მინერალ ვოთერსის თანამშრომლები გაიფიცნენ ღირსეული სამუშაო პირობებისა და სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნით.
გაფიცვა უვადოა და გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ამ ეტაპზე, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გაფიცულები, სამართალდამცველები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მათ მიერ მოყვანილი ადამიანები გაფიცულების ჩასანაცვლებლად.
დასაქმებულები ითხოვენ:
1. ხელფასების 30% -იან ზრდას;
2. საქსტატის მონაცემების შესაბამისად ხელფასების ყოველწლიურ ინდექსაციას;
3. საპენსიო გადასახადის დამსაქმებლის მიერ დაფარვას;
4. ღირსეულ და უსაფრთხო შრომით პირობებს;
5. აპროტესტებენ ქარხანაში არსებულ ანტისანიტარიას და ითხოვენ მის მოწესრიგებას;
6. დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟისა და მუქარის აკრძალვას;
7. კოლექტიურ შეთანხმებას;
8. მენეჯმენტის ბრალეულობის გამო ქარხნის სრულფასოვან ფუნქციონირებას;
9. დამფუძნებლებთან შეხვედრას, რადგან მიაჩნიათ რომ ადგილობრივი მენეჯმენტი განზრახ აზიანებს და აკოტრებს ქარხანას;
10. კომპანია ცდილობს დასაქმებულების ერთმანეთთან დაპირისპირებას, მათ შორის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით უცხო ქვეყნის მოქალაქეებით ჩანაცვლებას“, – აღნიშნულია „ლაბორ“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.