მომღერალი მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და წერს: “რით იარსებოს ხალხმა? აზრზე მოდით ძალიან სწრაფად, დრო აღარ გვაქვს“.

ცნობილ მომღერალს fortuna.ge ექსკლუზიურად დაუკავშირდა მისი მოსაზრების გასაგებად ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.

მერაბ სეფაშვილი:

ჩემი აზრით, არაფრის წინაპირობა არ ჩანს, რომ რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება. დრო აღარ არის, ხალხი დაიხოცა შიმშილით. ჩვენს სფეროზე აღარაფერს ვამბობ.

რამდენი ხანია, კონცერტი არ გქონიათ?

ფაქტობრივად, ზაფხულის მერე…

როგორც ვიცი, ამ შემოსავალზე ხართ დამოკიდებული…

რა თქმა უნდა, ასეა.

სახელმწიფოსგან თქვენ მიმართ რაიმე დახმარებას თუ ელით?

მე პირადად სახელმწიფომ დახმარება რომც გამიწიოს, არ ავიღებ. ეგეთი დახმარება რად მინდა. მარტო ხომ არ ვარ ამ ქვეყანაში?!. მთლიანად ქვეყანაზეა ლაპარაკი. არ მგონია, რომ ხელისუფლებამ ინდივიდუალურად უნდა გაუწიოს ვინმეს დახმარება, ზოგადად, გეგმა უნდა არსებობდეს. არ მგონია, ვინმე დალხინებული იყოს. ახლა ვამბობ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის აზრს. არა იმის, ვინც მუშაობს, არამედ 80%-ს ვგულისხმობ, ვინც არ მუშაობს, მათ შორის, მეც. არ მეთანხმებით?

ვინც არ მეთანხმება, ალბათ, თბილად არის…

მუდმივად მიდის საუბარი იმაზე, ვინ შევა პარლამენტში და ვინ გამოვა. როდემდე ვუყუროთ ამ თამაშს? საუბარია იმაზე, ხალხმა როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება. სახელმწიფოსგან არანაირი კრინტი ამ თემაზე არ ისმის. ყველა ეძებს გამოსავალს.

გამოსავლად რას მიიჩნევთ?

არ ვიცი, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. მე პოლიტიკური ლიდერი არ ვარ, რომ ხალხი გამოვიყვანო. აი, ვუყურებ, ვინ შეიძლება გამოჩნდეს ისეთი, ვისაც ამ თემაზე საღი აზრი იქნება.

ყველას აინტერესებს, რა იქნება. კოვიდი გასაგებია და ცალკე თემაა, მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ ყველა ქვეყანაში არსებობს სქემა.

უამრავ ადამიანთან გაქვთ შეხება. რას გეუბნებიან, ყველაზე დიდ პრობლემად რას ასახელებენ?

90%ს-ს ერთი და იგივე პრობლემა აქვს, ელემენტარულად ასებობის პრობლემა. ქუჩაში ხშირად დავდივარ ფეხით და ბევრი ადამიანი მესაუბრება, არ იციან, როგორ გაიტანონ თავი. ეს გამოუწვევს საშინელ სახალხო პროტესტს. არჩევნები ცალკეა, პანდემია ცალკე, მაგრამ მთავარ პრობლემაზე არავინ ლაპარაკობს.

აპირებთ ხვალინდელ არჩევნებზე წასვლას?

ხომ იყო არჩევნები? (იცინის). არა, რა თქმა უნდა, ფარსია ეს ყველაფერი.

შემოქმედებაზე აღარც დაგისვამთ კითხვას…

აბა, რა აზრი აქვს? პირველი ჩაკეტილობის პერიოდი გამოვიყენე, ჩავწერე ალბომი, მაგრამ სად წავიღო ახლა?! (იღიმის).

მაინც ხუმრობის ხასიათზე ხართ?

რა გავაკეთო, აბა, გავგიჟდი.

იმედიანად არ ხართ აშკარად განწყობილი…

იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა, მაგრამ ვერაფერს ვხედავ, ვიღაცამ უნდა წაიკითხოს რაღაც, გამოიჩინოს ინიციატივა, ვიღაცამ უნდა დაალაგოს, არანაირი გეგმა არაა. გაათავისუფლეთ ბიზნესმენები გადასახადისგან, დაუბრუნეთ უკან დღგ, ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, ის ბიზნესმენი საჭმელს მაინც მიირთმევს, მაგრამ სხვამ რა ქნას?..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

მსგავსი თემები