საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია არ აქვს.
როგორც პრეზიდენტმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტს, შესაძლოა, ბერკეტები არ ჰქონდეს, მაგრამ მისი არგუმენტების მოსმენა საჭირო იყოს.
კითხვაზე, პრემიერს სურს თუ არა მასთან კომუნიკაცია, ზურაბიშვილი ამბობს, რომ არა.
პრეზიდენტი: სადაც ვიყავი, არავის აქვს სურვილი, რომ იზოლაციაში მოახვედროს საქართველო..ყველას უნდა, რომ ხელისუფლება დააბრუნოს სწორ გზაზე
„მაქვს ჩემი მოსაზრებები, როდესაც დრო მოვა გავამხელ“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.
„ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრისა.
არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუციებს შორის. დემოკრატია არის ერთი მხრივ ხალხის, ამომრჩევლის ნება, მეორე მხრივ კი ინსტიტუტების პატივისცემა და მათ შორის რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობები, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდეს. ღონისძიებებზე კი, როგორ არა ზრდილობიანად [მხვდება], მაგრამ საჭირო არის სხვა ტიპის ურთიერთობა, რომ საკითხები იყოს განხილული, რომ პასუხები იყოს კითხვებზე. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ არგუმენტების გაცვლა მოხდეს, რატომ არის ესა თუ ის გადაწყვეტილება მიღებული და რა არის პრეზიდენტის არგუმენტები, რომელმაც სხვანაირად იცის, რას ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა. პრეზიდენტს ბერკეტები შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ საჭირო იყოს მისი არგუმენტების მოსმენა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა ოცნებობს, რომ შავი ზღვა, კავკასია დაწყნარებული იყოს, არავის აქვს დესტაბილიზაციის სურვილი.
„მე ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ამ გზას ვერავინ გადაუხვევს. ვფიქრობ საარჩევნო {საკითხი} არის, განცდა, რომ მხარდაჭერას კარგავენ ამომრჩევლებში, საჭიროა კონსოლიდაცია, რასაც უფრო ადვილად ხედავენ „ხალხის ძალაში“, ვიდრე ფართო საზოგადოებაში იმ მხარდაჭერის მოპოვებაში, რომელიც მოითხოვს გამბედავ ნაბიჯებს.
შეიძლება, თამაში რუსეთთან, რომ თავის თავს აჯერებენ, რომ ამით რუსეთი უფრო ლმობიერი იქნება ჩვენს მიმართ. თუ ვინმე ასე ფიქრობს, არაფერი სცოდნია საქართველოს ისტორიიდან რუსეთის და საქართველოს ურთიერთობაზე. გარკვეული სიფრთხილე მესმის, ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები.
არასდროს ვიყავი მომხრე არც სააკაშვილის პერიოდში, არც ოპოზიციაში ყოფნისას და დღესაც, ტყუილად რაღაც ლანძღვის, შეურაცხყოფის მიყენების ნებისმიერი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის. არც ევროპარლამენტარების მიმართ და არც რუსეთის მიმართ არ არის ეს ფორმა მისაღები.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია, ქვეყანა ვართ, სადაც არავინ ამზადებს მეორე ფრონტს. რა მეორე ფრონტი? როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომში გვიწვევდნენ. ყველა ოცნებობს, რომ შავი ზღვა, კავკასია დაწყნარებული იყოს. არავის აქვს დესტაბილიზაციის სურვილი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილი ივანიშვილზე - ოლიგარქია იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი
„ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღევანდელ დღეს, იმის შემდეგ, რაც ოფიციალურად გასულია ხელისუფლებიდან.“
გარდა ამისა, პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რა ტიპის ეჭვებია საქართველოსთან მიმართებით, ფიქრობენ თუ არა პარტნიორები, რომ საქართველო უკრაინის მხარესაა, თუ რუსეთისგან არც თუ ისე შორსა.
„ჩემთან, როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან ამ ტიპის ეჭვები ასე არ გამოთქმულა, თუნდაც დახურულ კარს მიღმა. უფრო არის განცდა, რომ ეს ხელისუფლება დაინტერესებულია თავისი საარჩევნო მომავლით და კონტაქტს კარგავს მოსახლეობასთან და ამისთვის რა არის გასაკეთებელი. ეს არის უფრო მიდგომა რაც მე მომისმენია, იმიტომ, რომ არ აქვთ სურვილი მიგვიწვიონ იქითკენ და რაღაცნაირად გადაგვაგდონ სხვა მხარეს. სიფრთხილეა, არანაირი გადამეტებული კრიტიკა არ მომისმენია. პირიქით, მცდელობაა იმისა, რომ ჩვენი ადგილი იყოს შენარჩუნებული და დაგვეხმარონ. დღესაც, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პათოსი ეს იყო, რომ დაგეხმარებით ამისათვის, რომ ჯერ კიდევ შეძლოთ იმ ელემენტარული ნაწილების შევსება, როგორიცაა 12 რეკომენდაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.