LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო ნებიერიძე მიუნხენის პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში ჩაირიცხა

150
sandronebieridzenews3455

პიანისტი სანდრო ნებიერიძე საინტერესო სიახლეებით დაუბრუნდა მსმენელს. მან მიუნხენში პრესტიჟულ სასწავლებელში ჩააბარა და სწავლას იქ გააგრძელებს. გარდა ამისა, მისი 12 წლის ასაკში დაწერილი კამერული ოპერა მალე საქართველოს ხუთ ქალაქში დაიდგმება.

სანდრო გეგეჭკორი მარია კანალსის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

სანდრო ნებიერიძე:

„დავიწყებ პირველიდან და უმთავრესიდან – ბერლინსა და მიუნხენში ჩემი ერთთვიანი ვოიაჟის და მეცადინეობის შედეგად, ჩავაბარე გამოცდები და მიმიღეს ორ გერმანულ, უპრესტიჟულეს სასწავლებელში – Hanns Eisler Musikhochschule (ბერლინი) და München Hochschule für Musik und Theater (მიუნხენი). ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე, გეზი მიუნხენისკენ მიმემართა, სადაც სწავლას გენიალური, წარმოშობით ფინელი პროფესორის ანტტი სიირალას კლასში გავაგრძელებ. განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა ის, რომ ჩემი ძმაკაცი, კოლეგა და უახლოესი ადამიანი – გიორგი საჯაია Giorgi Sajaia ჩემთან ერთად გამოფრინდება და ისიც ამავე სასწავლებელში, სადირიჟორო ფაკულტეტზე გააგრძელებს სწავლას!

ერთთვიან ვოიაჟს მხოლოდ გამოცდების ჩაბარებაში არ ჩაუვლია – დავამყარე კონტაქტი და დავიწყე თანამშრომლობა გერმანულ, ძირძველ და ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სააგენტოსთან (Kunstlersekretariat am Gasteig), რომლებსაც ისეთი სახელები ჰყავს არტისტებად, როგორებიც არიან მაგ. Ray Chen, Lang Lang, Helmut Blomstedt, Jukka Pekka Saraste და ა.შ. ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე 8 უსერიოზულეს ფესტივალზე მელოდება კონცერტები, აქედან 5 კონცერტი – სიმფონიურ ორკესტრთან!

ამით არ დასრულებულა ჩემი გერმანული ოდისეის სიახლეები – საქართველოში დაბრუნებისთანავე, ე.ი. 1-ელ ივლისს, დავასრულე ჩემი პირველი საფორტეპიანო კვინტეტი, რომელიც გახლდათ დაკვეთა Martha Pulvermacher Stiftung-ისგან – გერმანული კულტურული ფონდისგან. 6-თვიანი პერიოდული, თუმცა მაინც ინტენსიური მუშაობის შედეგად, კვინტეტი “სიზიფე” მზადაა! მისი შესრულება, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა მალე ამასაც მოვუვლით…

ერთი დაკვეთა ძლივს მოვრჩი და მალევე ორი ახალი დამიბარეს, თანაც სექტემბრისთვის მოსასწრები! ამჯერად, დამკვეთი გახლავთ გენიალური ლიანა ისაკაძის სახელობის “ღამის სერენადების” თბილისურ-ბათუმური ფესტივალი, რომლისთვისაც წლევანდელი ზ. ფალიაშვილის იუბილესთან დაკავშირებით, მისივე ოპერების თემებზე ვირტუოზული ფანტაზია-პარაფრაზი მაქვს დასაწერი, რომლის პრემიერაც 4 სექტემბერს შედგება. მალევე, 15 სექტემბერს კი, ამჯერად ყველასათვის საყვარელი ლიზა ბათიაშვილის თხოვნით, ორი ვოკალურ-საფორტეპიანო მინიატურა უნდა შევქმნა, რომლებიც ჩემი და ჩემი უახლოესი ძმაკაცის (ამას ინტრიგად და სიურპრიზად ვტოვებ, ჯერჯერობით) ლექსების ტექსტზე იქნება აგებული. გვადევნეთ თვალყური, მალე უფრო მეტს გაიგებთ!

და სულ მთავარი და ალბათ, რაღაც მხრივ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანიც – 12 წლის ასაკში შექმნილი ჩემი პირველი, კამერული ოპერა სულ რაღაც 4 დღეში საქართველოს 5 ქალაქში იდგმება!!! თელავში, ჩოხატაურში, ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში – 18, 20, 25, 28 და 31 რიცხვებში პირველად შესრულდება ჯემალ ქარჩხაძის ზღაპრის მიხედვით დაწერილი ოპერა – “ერთხელ”! ამ ყველაფერს განსაკუთრებულად საბედნიეროს ხდის ის ფაქტი, რომ ეს მუსიკა ჩემი თანატოლების მონაწილეობით სრულდება – გვერდში მიდგანან ქ-ნ. შორენა ცინცაბაძის მიერ დაფუძნებული საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის წევრები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის არაჩვეულებრივი ვოკალისტები და რაღა თქმა უნდა, ჩვენი არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი მაესტრო და ჩემი დიდი ხნის მეგობარი – სოსო ჯუღაშვილი !!! გენიალური გვაჯი თბილისურ პრემიერას ჩაწერს, გადაიღებს და გასტრიმავს, ასე რომ იმედია, ონლაინში მაინც გიხილავთ!

და ბოლოს, მინდა საჯაროდ მივულოცო (რახან ტელეფონზე არ მპასუხობს) ჩემს უსაყვარლეს და უმაგრეს ძმაკაცს, კოლეგას და თანამოაზრეს – ჩემს სანდრო გეგეჭკორს პირველი პრემია მარია კანალსის უპრესტიჟულეს კონკურსზე!!!!!!! ვამაყობ და წამითაც არ შემპარვია ეჭვი!!!! მე და სანდრო მისი ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ ძალიან მაგარი სიურპრიზით გაგიმასპინძლდებით, რომელიც ამჟამად მუშაობის პროცესშია და უახლოეს მომავალში იქნება მზად ❤️❤️❤️“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g