გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის შესახებ საუბრისას ქართველი მაყურებელი გვერდს ნამდვილად ვერ აუვლის ლათინოამერიკულ სერიალებს, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა. საყვარელ სერიალებს ენერგოკრიზისის პირობებში ძალიან ხშირად მთელი სამეზობლო ერთად ადევნებდა თვალს და საყვარელ გმირებს გულშემატკივრობდა. სად არიან ტელენოველების ვარსკვლავები ახლა, როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ? ვნახოთ…

კორაიმა ტორესი  (47 წლის)

ვენესუელელი მსახიობი ქართველმა მაყურებელმა რამოდენიმე სერიალში იხილა, თუმცა იგი დღემდე ყველასთვის კასანდრად რჩება. ტორესი უკვე წლებია თავის კოლეგაზე, ნიკოლას მონტეროზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. ისინი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ცხოვრობენ და აქტიურ კინოკარიერას განაგრძობენ. აღსანიშნავია, რომ კორაიმა ტორესი მხოლოდ ესპანურენოვან სერიალებში არ მონაწილეობს. იგი ამერიკული სერიალის, „ჯეკ რაიანის“ მეორე სეზონში გამოჩნდა, სადაც ვენესუელელი დიქტატორის ცოლის როლი შეასრულა.

ოსვალდო რიოსი  (59 წლის)

90-იანი წლების ტელენოველების ერთ-ერთი სექს-სიმბოლო ახლაც შესანიშნავ ფორმაშია. ქართველ მაყურებელს რიოსი განსაკუთრებით „კასანდრაში“ და „ბლანკოს ქვრივში“ შესრულებული მთავარი როლებით ახსოვს. 2013 წელს მან სამსახიობო კარიერა დაასრულა და საკუთარი ფირმა დააფუძნა, რომელიც სერიალებს იღებს. ოსვალდო სამჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა სამივე ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. რიოსს სამი შვილი ჰყავს.

ჯოვანა ანტონელი  (44 წლის)

„ჰადე“ კლონიდან სამი შვილის დედაა, თუმცა სერიალებში კვლავინდებურად მონაწილეობს. ჯოვანას პირველი შვილის მამა სერიალ კლონში მისი პარტნიორი, მურილუ ბენისიუა. ბრაზილიელი მსახიობი ბედნიერად ცხოვრობს რეჟისორ ლეონარდო ნოგეირასთან, რომელიც მისი ქალიშვილების მამაა, თუმცა წყვილს ურთიერთობის გაოფიციალურება და დაქორწინება არ სურს.

მურილუ ბენისიუ  (49 წლის)

მურილუმ „კლონში“ ერთდროულად სამი როლი შეასრულა. მან ტყუპი ძმები – დიოგო და ლუკასი, ასევე დიოგოს კლონი – ლეო განასახიერა. დღეისათვის ბენისიუ  ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება და აგრძელებს როლების შესრულებას როგორც სერიალებში, ასევე სრულმეტრაჟიან ფილმებში. მსახიობს ორი შვილი ჰყავს, მათგან ერთი ჯოვანა ანტონელისთან. აღსანიშნავია, რომ მურილუ ჯოვანა ანტონელის გარდა „კლონის“ კიდევ ერთ მსახიობს, დებორა ფალაბელას ხვდებოდა, რომელიც სერიალში მისი შვილის, მელის როლს ასრულებს.

სიუზანა ვიეირა  ( 77 წლის)

ბრაზილიელი კინოვარსკვლავი ქართველ მაყურებელს განსაკუთრებით სერიალებიდან:  „სიყვარულის სახელით“, „ოცნების კოშკები“ და „ბედთან მებრძოლი“ ახსოვს. 2015 წელს სიუზანას ქრონიკული ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ იგი გადასაღებ მოედანზე ძველებური სიხშირით ვეღარ ჩნდება. თუმცა ასაკისა და ავადმყოფობის მიუხედავად, მსახიობი საბრძოლო განწყობაზეა. ფანებს იგი საკუთარი „ინსტაგრამის“ ანგარიშის საშუალებით ამცნობს სიახლეებს თავის ჯანმრთელობაზე. დროის უმეტეს ნაწილს ვიეირა ერთადერთი შვილის, როდრიგოს ოჯახთან ერთად ატარებს.

ანტონიო ფაგუნდესი  (71 წლის)

ასაკის მიუხედავად, ფაგუნდესი განაგრძობს როგორც აქტიურ კინო, ასევე სასცენო მოღვაწეობას. ბრაზილიელი მსახიობი საქართველოში პოპულარული 90-იან წლებში სერიალებში: „საბედისწერო მემკვიდრეობა“, „მორიგი მსხვერპლი“ და „ოცნების სანაპირო“ შესრულებული როლებით გახდა, თუმცა სამშობლოში იგი 60-იანი წლებიდანვე ძალიან პოპულარული იყო. ანტონიოს 2 ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს. იგი 2016 წელს მსახიობ ალესანდრა მარტინესზე დაქორწინდა.


ვერა ფიშერი  (68 წლის)

„მის ბრაზილია 1969“, გერმანული წარმოშობის ვერა ფიშერი ქართველ მაყურებელს „კლონში“ შესრულებული ივეტის როლით ახსოვს, თუმცა იგი ასევე „ოჯახურ ურთიერთობებში“ მონაწილეობდა. დღესდღეობით 68 წლის მსახიობს კვლავინდებურად იღებენ სერიალებში, თუმცა „გლობოს“ ბოლო საერთაშორისო პროექტი, რომელშიც ვერა მონაწილეობდა, 2009 წელს გამოსული „ინდოეთის გზები“ იყო. მას შემდეგ მსახიობი მხოლოდ მცირემასშტაბიან, ადგილობრივ ბაზარზე გათვლილ სერიალებში მონაწილეობს.

ანდრეა დელ ბოკა  (54 წლის)

„შავი მარგალიტის“ და „ანტონელას“ არგენტინელი ვარსკვლავი დღესდღეობით სერიალებში აღარ მონაწილეობს. ბოლო როლი ტელენოველაში დელ ბოკამ 2014 წელს შეასრულა. ანდრეა, რომელიც არასოდეს ყოფილა ოფიციალურ ქორწინებაში, ერთი ქალიშვილის დედაა და დღესდღეობით მას მოდელის კარიერის აწყობაში ეხმარება. დელ ბოკას თქმით ძალიან ბედნიერია, რადგან როგორც იქნა შეუძლია ოჯახს იმდენი დრო დაუთმოს, რამდენიც უნდა.

გაბრიელ კორადო  (59 წლის)

ლურჯთვალება არგენტინელი ტელევარსკვლავი, რომელიც „ზღვის კაცში“ და „შავ მარგალიტში“ შესრულებული როლებით გვახსოვს, აქტიურ სამსახიობო მოღვაწეობას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ გაბრიელი თავისი კოლეგების უმრავლესობისაგან განსხვავებით, სანიმუშო მეოჯახეა. კორადო 1989 წლიდან კონსტანცა ფეროზეა დაქორწინებული. წყვილს სამი შვილი ჰყავს, რამდენიმე წლის წინ კი შვილიშვილიც შეეძინათ.

ვიქტორია რუფო  ( 58 წლის)

„უბრალოდ მარია“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მექსიკელი მსახიობია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. რუფომ პოპულარობა ჯერ კიდევ 80-იან წლებში მოიპოვა და დღემდე აქტიურად მონაწილეობს გადაღებებში. ვიქტორია 2001 წლიდან მექსიკელ პოლიტიკოსზე, ომარ ფაიადზეა დაქორწინებული, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. რუფოს შვილი პირველი ქორწინებიდან – ხოსე დერბეზი ასევე მსახიობია.

ვერონიკა კასტრო  (67 წლის)

კასტროს საყოველთაო პოპულარობა სერიალებმა: „მდიდრებიც ტირიან“ და „ველური ვარდი“ მოუტანა, გარდა ამისა იგი თამაშობდა ფილმებში და მუსიკაშიც ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას. გასულ წელს კასტრომ სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მექსიკელი ვარსკვლავის თქმით, იგი გამუდმებულმა აგრესიამ დაღალა და სურს მშვიდად, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იცხოვროს. ვერონიკას ორი შვილი ჰყავს. ერთი მათგანი მომღერალი, მეორე კი რეჟისორია.

გაბრიელა სპანიკი (46 წლის)

ვენესუელელი მსახიობი განსაკუთრებით ცნობილია თავისი როლებით სერიალებში „უზურპატორი“ და „გრძნობათა ტყვეობაში“. სპანიკი ერთი შვილის დედაა და ცდილობს, მას რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოს. ბოლო წლებში მსახიობი თეატრში ბევრად აქტიურად თამაშობს, ვიდრე სერიალებში. ბოლო სერიალი მისი მონაწილეობით 2014 წელს გამოვიდა.

მარიო ჩიმარო ( 49 წლის)

საქართველოში კუბელი მსახიობივით პოპულარული ცოტა ვინმე თუ ყოფილა. პოპულარობის ზენიტში მყოფ ჩიმაროს ქართველმა ფანებმა საჩუქრად წინდებიც კი გაუგზავნეს. „ფარული ვნების“ და „მეორე სიცოცხლის“ ვარსკვლავი 2006 წელს თავის მეუღლეს, ასევე ტელენოველების ვარსკვლავ ნატალია სტრეიგნარდს გაშორდა. ბოლო სერიალი მისი მონაწილეობით 2017 წელს გამოვიდა.

 

ანა კოლჩერო (52 წლის) და არიელ ლოპეს პადილია (57 წლის)

90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, „ველური გულის“ მთავარი როლის შემსრულებლები დღეს სამწუხაროდ ცოცხლები აღარ არიან. ედუარდო პალომო 2003 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, ედიტ გონსალესი კი გასულ წელს, 54 წლის ასაკში, სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.

რაც შეეხება სერიალის მეორე წყვილს, მათგან ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობას მხოლოდ არიელ ლოპეს პადილია აგრძელებს. ანა კოლჩერომ სამსახიობო კარიერა 2002 წელს დაასრულა და დღესდღეობით ძირითადად სამწერლო მოღვაწეობითაა ცნობილი. კოლჩეროს ამ დროისათვის რამდენიმე რომანი აქვს გამოშვებული, რომლებიც მექსიკაში საკმაოდ პოპულარულია.

კატეგორიები: რჩევები ფილმები
რეკლამა: 0:05