LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 5 თვეში 7459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 4-ის საქმიანობის სფეროა ცნობილი

109
biznesi daaregistrires

საქართველოში 1-ელი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე 7459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა.  ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა.

როგორც სააგენტოს „საქსტატიდან“ აცნობეს, დარეგისტრირებული რუსული ბიზნესიდან 544 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), 6913 ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 2 უცხოური საწარმოს ფილიალია.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირებული 544 რუსული შპს-დან 542-ს საქმიანობა უცნობია, 1 კომპანიის საქმიანობის სფერო ყავის გადამუშავება, კიდევ 1-ის კი რესტორნების გარეშე სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებებია.

რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ 6913 რუს ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ შემთხვევაშიც ცნობილია მხოლოდ 2-ის საქმიანობა, 6911-ის საქმიანობის სფერო კი, „საქსტატის“ ცნობით, მათთვის უცნობია.

საქართველოში ყველაზე მეტი რუსული ბიზნესი – კერძოდ, 2169 მარტში დარეგისტრირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში რეგისტრაცია გაიარა 147-მა რუსულმა შპს-მ, 2021-მა ინდივიდუალურმა მეწარმემ და ერთმა უცხოური საწარმოს ფილიალმა.

აპრილის თვეში 1601 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, მაისში 1370, ივნისში – 1219 და ივლისში – 1100.

ამასთან, საქართველოში 1-ელი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე დარეგისტრირებული უკრაინული ბიზნესის რაოდენობა 737-ს, ქვეყანაში რეგისტრირებული ბელარუსული ბიზნესის მაჩვენებელი კი 4045-ს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, „ინტერპრესნიუსის“ მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში დარეგისტრირებული უკრაინული ბიზნესიდან 152 შპს, 585 კი ინდივუდუალური მეწარმეა. ქვეყანაში რეგისტრირებული უკრაინული ბიზნესის საქმიანობის სფერო „საქსტატისთვის“ უცნობია.

რაც შეეხება ბელარუსს, საქართველოში 1-ელი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე დარეგისტრირებული ბელარუსული ბიზნესიდან 173 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 3872 კი ინდივიდუალური მეწარმე. ამ შემთხვევაშიც, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, დარეგისტრირებული ბელარუსული ბიზნესის საქმიანობის სფერო მათთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 1784 ბელარუსული შპს და ინდმეწარმე საქართველოში მარტში დარეგისტრირდა. რაც შეეხება შემდეგ თვეებს, აპრილში დარეგისტრირდა 836, მაისში – 673, ივნისში – 458 და ივლისში 294 ბელარუსული ბიზნესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g