საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გააჟღერა.
საკითხზე ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელა.
“ცოტა ხნის წინ ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან შევიტყვეთ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული დასკვნა. ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას საფუძველს, შეჩერებული იყოს „ასტრაზენეკას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, ჯგუფმა საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.