სახელმწიფო ბრალდებას აღნიშნულ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ მოეპოვება, რომელიც დაადასტურებს, თუ როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში. ამის შესახებ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
”დღეს დასაკითხმა ექსპერტებმა დააფიქსირეს გარემოება, თუ რა დაზიანებები ჰქონდა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს. თუმცა, ეს ექსპერტები ვერ იქნებიან იმის მტკიცებულება, თუ ვინ და რა მდგომარეობაში მიაყენა გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები. ასევე, როგორ აღმოჩნდა ის წყალში. ეს ექსპერტები ამაზე რა თქმა უნდა, ვერ გვესაუბრებიან. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა და ასევე არიან მოწმეებიც, მაღალი ალბათობით, თებერვლის ბოლოს ორივე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დასრულდეს და სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეში არცერთი მტკიცებულებები არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რა მდგომარეობაში, რა ვითარებაში მიიღო გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები და წყალში როგორ აღმოჩნდა. დაცვის მხარეს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს”. – განაცხადა, გელხაურმა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.