LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროების მართვის და ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემა ამოქმედდა

231

საქართველოში სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული სიახლე სასტუმროებსა და ვიზიტორებს ოთხი სახის მომსახურებას სთავზობს: შეიქმნება მრავალენოვანი, დინამიკური და თანამედროვე ვებგვერდი; ამოქმედდება სასტუმროს მართვის სისტემა, რომელიც სხვადასხვა ფუნქციებს მოიცავს და მოემსახურება სასტუმროებში არსებული ყველა ნომრის შესახებ სრული ინფორმაციის განთავსებას; შესაძლებელი იქნება საქართველოს სასტუმროებში ნომრების ონლაინ რეზერვაცია. მომხმარებელი საკუთარი გემოვნების მიხედვით შეძლებს, აირჩიოს ნომერი, კვების რაციონი და სხვ. ასევე იმ სასტუმროებში, რომლებიც აღნიშნულ სისტემაში ჩაერთვებიან, ჩატარდება თანამშრომელთა უფასო ტრენინგი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

უწყების ცნობით, ახალი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ტურისტული  ბიზნესის ხელშეწყობას. მისი მეშვეობით როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები,  ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი გადახდის, ასევე ადგილზე, მოგვიანებითი გადახდის პირობით.

პრეზენტაციას საქართველოს ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

”ბევრი ტურისტი დღეს თავად ჯავშნის სასტუმროებს, იღებს გადაწყვეტილებას, სად და როგორ უნდა იმოგზაუროს. ამდენად, მნიშვნელოვანია ყველა ის სისტემა, რომელიც ტურისტებს დაეხმარება ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ სასტუმროები და მაქსიმალურად გაეცნონ იქ არსებულ სერვისს” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

სისტემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და  ორგანიზაცია “პროსერვისის” ორგანიზებით მომზადდა.