1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ქართული სამთავრობო ჯარებისა და აფხაზი სეპარატისტების გადამწყვეტი ბრძოლიდან 30 წელი გავიდა.
აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება აფხაზეთიდან დევნილი, აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი ნინო კვარაცხელია:
„დავწერ, წავშლი, დავწერ, წავშლი… და რაღაც მაინც მინდა დავწერო… 1993 წლის 27 სექტემბერი… იმ დღეს დაესვა წერტილი ბედნიერ, უდარდელ და ლაღ ცხოვრებას…
30 წელი ბევრია ჩვენთვის – დევნილებისთვის, ისტორიისთვისააო ცოტა, მამშვიდებენ… და ამასობაში დევნილის სტატუსს ლტოლვილიც მიემატა… ისევ დამეფანტა აზრები… არ გამომდის იმ ტკივილის და სევდის გადმოტანა სიტყვებში, რასაც ახლა განვიცდი… 20 წლის მერე უგზო-უკვლოდ დაკარგული სტატუსის მქონე ადამიანი გაუჩინარებულად ითვლებაო და წყვეტენ ძიებასო… მაგრამ სასწაულებიც ხომ ხდება… ჰოდა, მაგ სასწაულის იმედად ვარ, გამოუსწორებელი ოპტიმისტი მე
ერთ დღეს მეც შემომეგებება ჩემი სოხუმი, ჩამიკრავს გულში, მომეფერება და მკითხავს: „დაბრუნდი ჩემო გადარეულო გოგო? სად დატანტალებდი ამდენი ხანი, მომენატრეო, მეც ჩავეხუტები და ვეტყვი: „მაგრად ჩამიკარი და არსად არ გამიშვა აწი, სულ შენთან მინდა ვიყო“ და მყარად დავდგები ფეხზე, შევისუნთქავ ნესტიან, ყავის არომატით გაჟღენთილ მშობლიურ ჰაერს, შემოვიხვევ ზღვის ლურჯ ტალღებს, თმაში კამელიას ჩავიმაგრებ, შემოვირბენ ქალაქის ყოველ კუთხე-კუნჭულს და ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება იმ დღეს“, – წერს ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
დავწერ, წავშლი, დავწერ, წავშლი…. და რაღაც მაინც მინდა დავწერო… 1993 წლის 27 სექტემბერი… იმ დღეს დაესვა წერტილი…
Posted by ნინო კვარაცხელია on სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2023
შეგახსენებთ, აფხაზეთის ომი, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
სხვადასხვა ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ასეულობით პირი, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე მოქალაქე, დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი ადამიანი.