„ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო, ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა საზოგადოებას მიმართა, მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესების ფონზე, დღევანდელ 26 მაისს განსაკუთრებული იმედით აღვნიშნავთ.
„ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ისტორიული ნაბიჯები გადადგა, იშრომა და იბრძოლა ევროპული მომავლისთვის. მათ შორის, გადავდგით მთავარი ნაბიჯი – ჩვენ ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
საქართველო დასავლური ცივილიზაციის, ევროპული კულტურის და ისტორიული სივრცის შექმნის თანამონაწილე და განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დაცვასა და განმტკიცებას, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სახელმწიფოსი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს ევროპულ ოჯახში.“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.