LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმეზე 4 პირიდან ჩვენება მხოლოდ ვახტანგ ჩიქოვანმა მისცა

285
VAXTANG cIQOVANI

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე სხვა ეპიზოდზე ბრალდებული 4 პირიდან ჩვენება მხოლოდ ვახტანგ ჩიქოვანმა მისცა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოძახებული იყვნენ ირაკლი მუმლაძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე და თენგო ბარბაქაძე.

როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი არჩილ ბერიანიძე ამბობს, ვახტანგ ჩიქოვანმა შემთხვევის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განმარტა, რომ გური ამირხანაშვილი მანქანით თბილისში საკუთარი ნებით წამოყვა.

ბერიანიძის თქმითვე, ჩიქოვანმა განმარტა, რომ გური ამირხანაშვილი “ტოიოტა ქამრიში” საკუთარი სურვილით მას შემდეგ ჩაჯდა, რაც თბილისში წამოყვანა შესთავაზეს.

“მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირ ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია და ამ გარემოებების გარშემო ისაუბრა და დეტალური ჩვენება მისცა, მათ შორის ბრალდების მხარის კითხვებზე უპასუხა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები აგარაკიდან წამოსვლის შემდეგ, ვისთან ჰქონდა მას კომუნიკაცია, ასევე ისაუბრა ხიდთან განვითარებულ მოვლენებზე. მოწმემ განმარტა რომ გური ამირხანაშვილს წამოყვანა შესთავაზეს, რადგან მარტო იყო, ამასთან, პანდემიის გამო გადაადგილება შეზღუდული იყო და წამოყვანა შესთავაზეს, რაზეც დათანხმდა, საკუთარი სურვილით ჩაჯდა მანქანაში”, – აცხადებს ბერიანიძე.

კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა გურამ ამირხანაშვილს მისი მეგობრების მოძებნა, ადვოკატი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით ვახტანგ ჩიქოვანმა გარკვეული სახის ინფორმაცია გააჟღერა, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ბერიანიძე საჯაროდ არ საუბრობს.

რაც შეეხება დღეს საქმეზე მოწმის სახით გამოცხადებულ სამ ბრალდებულს, მათ ამ ნაწილში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

 

 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნ.ქ.-ს ადვოკატის დალი იმნაიშვილის განცხადებით, ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლოში განაცხადა, რომ გურამ ამირხანაშვილს მისი მეგობრების მოძებნა შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა. ადვოკატის თქმითვე, ჩიქოვანის განცხადებით, თუკი ამირხანაშვილი აღნიშნულ შეთავაზებაზე უარს არ იტყოდა, გიორგი შაქარაშვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

“ვახტანგ ჩიქოვანმა განმარტა რა მოხდა იმ დღეს, როგორ მიაყენეს მას დაზიანება, როგორ გახდა ცუდად ხიდზე, როგორ გაიძრო თავის ჩასაცმელი და შეიხვია თავი. მან ასევე განმარტა, რომ ის შეხვდა სხვა პიროვნებას, ეს გახლავთ ამირხანაშვილი. ჩიქოვანის განმარტებით, ამირხანაშვილს არ ჰქონდა ფული საერთოდ და შესთავაზეს, რომ ისინი მიიყვანდნენ თბილისამდე. ამირხანაშვილი დაეთანხმა, რომ თბილისამდე წაყოლოდა. ჩიქოვანმა ასევე თქვა, რომ ამირხანაშვილმა შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვა თავისი მეგობრები. მან აქცენტი გააკეთა აწ გარდაცვლილ შაქარაშვილზე და დასანანად თქვა ის ფაქტი, რომ ამირხანაშვილს რომ მიეცა საშუალება იმისა, რომ მოეძებნათ შაქარაშვილი, დღეს ის ცოცხალი იქნებოდაო, მაგრამ მან არ გამოიჩინა ინიციატივა და ასე გამოდის, რომ უარი თქვაო. ჩიქოვანმა განმარტა, რომ ყოველგვარი ძალდატანების, ემოციური თუ ფსიქოლოგიური ძალდატანების გარეშე მიიყვანეს დიდუბეში. ჩიქოვანს არ უთქვამს ვინ დაარტყა, ვინ მიაყენა მას დაზიანებები ა.შ.”, – განაცხადა იმნაიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები