“სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო, რა ვიგრძენი დღეს ბოროდიანკაში, როგორც მამამ და ადამიანმა, ამ სისასტიკის ჩამდენი აუცილებლად დაისჯება,” – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მიშელმა ზელენსკის სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყველა არსებულ ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა უკრაინას დაეხმაროს.
„შევხვდი ხალხს და სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო, რა ვიგრძენი არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, არამედ როგორც მამამ, როგორც ადამიანმა. ეს არის სისასტიკე, ეს არის სამხედრო დანაშაული და მისი ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს და აუცილებლად დაისჯება. მათ უნდა გადაიხადონ საფასური იმისთვის, რაც გააკეთეს უკრაინის ბევრ ქალაქში. ახლა, ისე როგორც თქვენ, მე ვფიქრობ ხალხზე, ჯარისკაცებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე დონბასში, მარიუპოლში, სხვა ქალაქებში, რომლებიც იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, საკუთარი სუვერენიტეტისთვის და იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპებისთვის…
გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს. რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეას. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რათა მოვახდინოთ ფინანსური მხარდაჭერის მობილიზება და უკრაინას მიეცეს შესაძლებლობა, დაფაროს სოციალური ხარჯები და დაიწყოს ქვეყნის აღდგენის პროგრამა. მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება თქვენი ქვეყნის აღდგენის საკითხში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სამხედრო დახმარება. პირველად ისტორიაში, ევროკავშირმა გადაწყვიტა, მიაწოდოს მცირე სამხედრო აღჭურვილობა და ეს გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან ორ დღეში მივიღეთ. მაშინ ჩვენ რამდენიმე საათის განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების აღმოჩენა, როგორც პირველი ტრანში და დღეს უკვე ეს დახმარება 1.5 მილიარდ ევროს შეადგენს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.