LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევძლებთ უფრო გავაძლიეროთ არა მარტო სუამ-ი, არამედ ჩვენი ქვეყნებიც – გიორგი კვირიკაშვილი

105

ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო გავაძლიეროთ არა მარტო სუამ-ი, არამედ ჩვენი ქვეყნებიც, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რას გვინდა მივაღწიოთ ერთობლივად, მოცემული ფორმატის დახმარებით, რადგან წარმატება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ჩვენს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკრაინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და სექტორული თანამშრომლობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

პრემიერის თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამა შემთხვევით არ იყო წარმოდგენილი დევიზით – „ერთად ძლიერი სუამ-ისთვის”, რადგან ორგანიზაციას, როგორც არასდროს, სჭირდება მისი წევრების პოლიტიკური კონსოლიდაციის გამყარება, რათა ყველა დასახულ მიზანს მიაღწიოს.

“დღეს, გლობალური და რეგიონალური გამოწვევები გვავალდებულებს, განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთქმედება სუამ-ის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო სარბიელზე. ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემას და ერთობლივ გამოწვევას სუამ-ის წევრი ქვეყნებისთვის. გადაუჭრელი კონფლიქტები სუამ-ის რეგიონში კვლავ აბრკოლებს ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. ამასთან დაკავშირებით, სუამ-ის ხმა უნდა ჟღერდეს რაც შეიძლება ხმამაღლა. ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, უფრო აქტიურად გამოვიყენოთ სუამ-ის პოტენციალი ფართო საერთაშორისო მხარდაჭერისა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქციის მიღწევის მიზნით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, მიიჩნევს, რომ დარგობრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარება პოლიტიკური ურთიერთქმედების განმტკიცებასა და წევრი ქვეყნების ერთობლივი და ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესების მიღწევას შეუწყობს ხელს.

“გასული 20 წლის განმავლობაში ჩვენ შევიძინეთ მნიშვნელოვანი გამოცდილება სუამ-ის ფარგლებში ერთობლივი და ურთიერთმომგებიანი პროექტების რეალიზაციისას, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სამართალდამცავი საქმიანობა და კიბერუსაფრთხოება. დღეს ჩვენს წინაშე გადაშლილია ფართო შესაძლებლობები და ჩამოყალიბებულია აუცილებელი ინსტიტუციური პოტენციალი, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გასამყარებლად და გასაფართოებლად, ეკონომიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად, არა მარტო სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა შორის, არამედ პარტნიორობით დაინტერესებულ ქვეყნებთანაც. დარგობრივი თანამშრომლობის აქტივიზაციისთვის ინიციატივები და წინადადებები ერთობლივი პროექტებისთვის უნდა გენერირდეს სწორედ დარგობრივ სამინისტროებში. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია,ჩატარდეს ორგანიზაციის ყველა სამუშაო ორგანოს რეგულარული სხდომები. ამასთან, ჩვენი მხრიდან უნდა არსებობდეს მაქსიმალური მხარდაჭერა, მტკიცე პოლიტიკური ნებისყოფა და კონკრეტული პოლიტიკური იმპულსი სუამ-ის რეგიონული თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები