შიდა ქართლში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. შვიდი გამარჯვებული პროექტიდან ოთხს გრანტს სააგენტო გადასცემს, სამ სტარტაპს კი USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა დააფინანსებს.
გამარჯვებული პროექტებია:
- Strive – ონლაინ „მარკეტფლეისი“, რომელიც კონკურენტუნარიანი მატჩების მოყვარულ ვიდეომოთამაშეებს, ერთი მხრივ, თამაშის მენტორის პოვნასა და „გეიმფლეის“ გაუმჯობესებაში ეხმარება, მეორე მხრივ კი, მენტორებს საკუთარი თამაშის უნარების მონეტიზაციის საშუალებას აძლევს.
- Dreamy – სიზმრების სოციალური ქსელი, რომელიც მომხმარებელს მისი სიზმრების ვიზუალიზაციის, ანალიზის, შენახვისა და მეგობრებთან გაზიარების საშუალებას აძლევს. სიზმრების ფსიქოანალიზის შესაქმნელად პლატფორმა ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს.
- მასკოტოპია – პროექტი გთავაზობთ ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული მასკოტების (ანიმაციური პერსონაჟების ფორმები,რომლებიც ღონისძიებებზე აცვიათ ანიმატორებს. მაგ: მიკი მაუსი, კუნინძა და ა.შ) საწარმოს შექმნას.
- BAZI – მობილური, ამთვლელი სენსორებით აღჭურვილი აკუსტიკური (ატმოსფეროში ბგერითი ან დარტყმითი ტალღის გამავრცელებელი) სისტემის დამზადება, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, აგენერირებს სპეციფიკური დიაპაზონის, სიხშირისა და სიგრძის ტალღებს, რომლითაც ხორციელდება უკონტაქტო მანიპულაცია მცენარეების ვეგეტატიურ ორგანოებზე დამტვერვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველსაყოფად, ინფორმაციის საფუძველზე ასევე შესაძლებელია დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების რისკის შეფასება და შეტყობინება, სავარაუდო პროდუქტიულობის პროგნოზირება.
- Kiddos – საბავშვო ნივთების C2C „რისეილ“ პლატფორმა, რომელიც ეხმარება მშობლებს გაყიდონ მცირეწლოვანი შვილების გამოუყენებელი ნივთები სახლიდან გაუსვლელად.
- დიჯიტალ ბაზარი – პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს მათი პროდუქციის ონლაინ გაყიდვაში დაეხმარება.
- ინტერაქციული STEAM წიგნი – სტარტაპის იდეას წარმოადგენს, გამომცემლობის ჩამოყალიბების გზით, საგანმანათლებლო ტიპის ინტერაქციული STEAM წიგნების სერიის გამოშვება, რომლებიც განკუთვნილი იქნება 10 წელზე ზემოთ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის და ორიენტირებული იქნება სხვადასხვა სამეცნიერო კონცეფციის სწავლებაზე, როგორიცაა ელექტროენერგია, ბუნება, მწვანე ენერგია და ენერგიის ალტერნატიული წყაროები, რობოტიკა, პროგრამირება და სხვა.
საგრანტო პროგრამის მიზანია, საქართველოს რეგიონებში ხელი შეუწყოს ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას.
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან სამი სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებს:
- პრეაქსელერაციის პროგრამები სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.
- ტექნოლოგიური კვირეულები კასპში, გორში, მესტიასა და ზუგდიდში
- რეგიონალური საგრანტო პროგრამების კომპონენტი.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემების მოსახლეობას მიეცემა საშუალება, შეისწავლოს ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული წყაროების მოძიების მეთოდები და შექმნას დინამიკური ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი.