LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვიდი საკულტო დეტექტივის ეკრანიზაცია – რჩეული ფილმები

664
დეტექტივები

თუ რომანტიკული კომედიები, დრამატული ისტორიები და ბიოგრაფიული ფილმები მოგბეზრდათ, ცნობილი რომანების მიხედვით დადგმულ დეტექტივებს გადაავლეთ თვალი და აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

fortuna.ge გთავაზობთ შვიდი საკულტო დეტექტივის ეკრანიზაციას:

„კრავთა დუმილი“ (The Silence of the Lambs, 1990) – მანიაკი ჰანიბალ ლექტერი ციხეში რამდენიმე ქალის მკვლელობის შემდეგ მოხვდა, გამოძიების ფედერაური ბიუროს ახალბედა აგენტი კლარისა სტერლინგი კი, მკვლელობების მოტივსა და დეტალებს იძიებს. პატიმარი მხოლოდ იმ პირობით თანხმდება გულწრფელ აღიარებას, თუ კლარისა საკუთარ ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. ტრილერს თომას ჰარისის ამავე სახელწოდების რომანი დაედო საფუძვლად, რომელიც „ყველა დროის 100 საუკეთესო დეტექტივის“ ნუსხაში მოხვდა.

„მისტერ მერსედესი“ (Mr. Mercedes, 2017) – მართალია, პოლიციელი ბილ ჰოჯესი დამსახურებულ პენსიაზე გავიდა, მაგრამ ვერაფრით ივიწყებს გაუხსნელ საქმეს – უცნობი კრიმინალის ისტორიას, რომელიც „მერსედესის“ მარკის ავტომობილით შევარდა ბრბოში და 16 ადამიანი იმსხვერპლა. წლების შემდეგ ჰოჯესი „სისხლიანი მძღოლისგან“ წერილებს იღებს და ხვდება, რომ ბევრად მასშტაბური მკვლელობა მზადდება. სერიალი სტივენ კინგის ამავე სახელწოდების წიგნის მოტივებზე შეიქმნა, რომელმაც რამდენიმე ნოველა გააერთიანა.

„გოგონა დრაკონის ტატუთი“ (The Girl with the Dragon Tattoo, 2011) – ჟურნალისტს მიხაელ ბლუმკვისტს ფაქტების გაყალბებისთვის პატიმრობა ემუქრება, თუმცა სასამართლოსგან თავის დაღწევის სანაცვლოდ, რესპექტაბელური ოჯახის ახალგაზრდა მემკვიდრის იდუმალებით მოცული გაუჩინარების საქმის გამოძიების შეთავაზებას ღებულობს. ძიებაში ბლუმკვისტს უცნაური, თუმცა საოცრად ნიჭიერი ჰაკერი ლისბეტ სალანდერი ეხმარება, რომელიც სწრაფად ხვდება, რომ მეტად ჩახლართულ და სახიფათო საქმეში ჩაება მეწყვილესთან ერთად. ფილმი შვედი მწერლის სტიგ ლარსონის რომანის მოტივებზე შეიქმნა.

„მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“ (Murder on the Orient Express, 2017) – ცნობილი მაძებარი ერკიულ პუარო „აღმოსავლეთ ექსპრესით“ მიემგზავრება პარიზში. გზად უცნაური მგზავრი ეცნობა, რომელიც კრიმინალებისგან დაცვის თხოვნით მიმართვას, თუმცა პუარო უარს ეუბნება და ძალიან ნანობს, რადგან მეორე დილას მგზავრს საკუთარ კუპეში პოულობენ მოკლულს. ატმოსფერული ფილმი აგატა კრისტის ცნობილი დეტექტის ეკრანიზაცია და სიდი ლუმეტის ცნობილი ფილმის ერთგვარი თანამედროვე ვერსიაა.

„დაწყევლილთა კუნძული“ (Shutter Island, 2009) – ოკეანეში ჩაკარგულ, გარე სამყაროსგან სრულად იზოლირებულ კუნძულზე მოწყობილი ფსიქიური კლინიკიდან გაუჩინარებული პაციენტის საქმეს მატერიკიდან ჩასული ორი დეტექტივი იძიებს. შეძლებენ თუ არა დეტექტივები საქმის გამოძიებას და საზარელი კუნძულიდან თავის დაღწევას, მარტინ სკორსეზე, რომელსაც ფილმის გადაღება დენის ლიჰეინის რომანმა შთააგონა, ფილმის ფინალამდე არ უმხელს მაყურებელს.

„და ვინჩის კოდი“ (The Da Vinci Code, 2006) – ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ლენგდონი და პარიზის პოლიციის კრიპტოგრაფი სოფი ნევე ლუვრის კურატორის მკვლელობას იძიებენ და მეტად სახიფათო თამაშში ებმებიან, რადგან ბევრისთვის ზიანის მომტანი გამოძიება, მათაც სიკვდილით ემუქრება. ფილმი ამერიკელი მწერლის დენ ბრაუნის რომანის მიხედვით შეიქმნა და მწვავე დისკუსია გამოიწვია, მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ აიკრძალა მისი ჩვენება.

„შრლოკი“ (Sherlock, 2010) – სკოტლანდ-იარდი უშედეგოდ ცდილობს იდუმალებით მოცული მკვლელობის გამოძიებას. საქმეში ექსცენტრიკული, თუმცა გენიალური მაძებარი შერლოკი ებმება, რომელიც ერთადერთია, ვისაც ჩახლართული კრიმინალური ისტორიის გამოძიება შეუძლია. მართალია, სერიალი არტურ კონან დოლის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა, მაგრამ მოქმედება თანამედროვე ბრიტანეთში ვითარდება, მთავარ როლებს კი, ცნობილი ვარსკვლავები ბენედიქტ კამბერბეტჩი და მარტინ ფრიმანი ასრულებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები