LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმონიშვილი უკრაინელი ადვოკატისა და ჟურნალისტის არ შემოშვებაზე: ქვეყანა „ბელარუსიზაციის“ ახალ ეტაპზე გადადის – შსს-ს ხმის ამოღება და განმარტების გაკეთება მართებს

57
ნიკა სიმონიშვილი

„ქვეყანა „ბელარუსიზაციის“ ახალ ეტაპზე გადადის“, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატისა და უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის ქვეყანაში არ შემოშვებას გამოეხმაურა.

საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, ჩნდება ეჭვები, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზანი შეიძლება ჰქონდეს, შსს-ს კი ხმის ამოღება და განმარტების გაკეთება მართებს.

გორდონი: ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა – საქართველოს ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, რომელთან ინტერვიუს ჩაწერაც პირდაპირ ციხეში მსურდა

„ქვეყანა „ბელარუსიზაციის“ ახალ ეტაპზე გადადის. საზღვარზე არ შემოუშვეს სააკაშვილთან და მის საქმესთან დაკავშირებული პირები, მისი უკრაინელი ადვოკატი, უკრაინელი ჟურნალისტი, უკრაინის სახალხო დამცველს კი აეროპორტში დაკითხვა მოუწყვეს.

ჩვენი კანონმდებლობით, შსს-ს აქვს შესაძლებლობა, დაუსაბუთებლად ან გაუგებარი დასაბუთებით არ შემოუშვას ქვეყანაში უცხოელები, ასევე გაუგებრად კი ჩვენ მოქალაქეებს უარი უთხრას ქვეყნიდან გასვლაზე. წლების განმავლობაში გვინახავს, რომ ამ ბერკეტებს სახელისუფლებო ორგანოები იყენებდნენ,“-განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მისი განმარტებით, ძირითადად, ეს მექანიზმები გამოიყენებოდა ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც მათ არ უშვებდნენ ქვეყანაში ან შემდგომ ცხოვრების უფლებაზე უარს  ეუბნებოდნენ.

როგორც საია-ს თავჯდომარემ აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანების უფლებები ირღვეოდა, კორუფციის სერიოზულ რისკებსაც აჩენდა, უფლების მოსაპოვებლად ამ ადამიანებს სხვა გზები რომ მოეძებნათ.

„დღევანდელს რომ მივუბრუნდეთ, ნათლად გამოჩნდა, ამ ბუნდოვანი რეგულაციების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი, ან უკრაინა შეიყვანეს იმ არაოფიციალურ „შავ სიაში.“

ყველა შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ პირთა არ შემოშვებაზე ვლაპარაკობთ და ყველა მათგანი სააკაშვილს უკავშირდება, ეჭვები ჩნდება, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზანი შეიძლება ჰქონდეს, შსს-ს კი ხმის ამოღება და განმარტების გაკეთება მართებს.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ როგორი რთულია ამ ქვეყანაში უფლებადამცველებისთვის და ჟურნალისტებისთვის საქმიანობა. ბელარუსშიც ასე იყო“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს.

„რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია“- უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს

გარდა ამისა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენ გრუშოვეცმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არც ის შეუშვეს.

“ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე” – სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

დღეს კი, უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში თავადაც შეფერხებით შემოვიდა, რადგან მისი სიტყვებით, მესაზღვრეები აეროპორტში 40 წუთის განმავლობაში კითხავდნენ, თუ რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში.

უკრაინის ომბუდსმენი: საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე დამაყოვნეს და მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი – მხოლოდ ჩემი მხრიდან გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ შემომიშვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g