თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟს იწყებს. ადგილზე იმყოფება ტექნიკა, მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.
ადგილზე ვიტარება დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა.
ფაქტს სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმიანება პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც წერს, რომ წინასაახალწლოდ, გაჭირვებასა და ყინვაში, ქუჩაში ტოვებენ ადამიანებს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“სიმწრით აშენებულ სახლებს უნგრევენ ღატაკ ადამიანებს, რომლებმაც რაღაცნაირად მოხერხეს და მთავრობის “დახმარების” გარეშე, ტრიალ მინდორზე საკუთარი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ადგილი მოიწყვეს. ამ გაჭირვებაში, ამ ყინვაში, წინასაახალწლოდ ტოვებენ ქუჩაში და ამას ამართლებენ იმით, რომ ეს ტერიტორია “საერთო საკუთრებაა”, სახელმწიფოსია და მათი იქ ცხოვრებით ჩვენი “საერთო ინტერესი” ზიანდება. ჩვენი სახელით აკეთებენ ამ არაადამიანობას, ჩვენზე ზრუნვის მოტივით და ამ უბედურების არც ერთ უშუალო შემარულებელს სინდისი არ აწუხებს ამ ადამიანების ტრაგედიის შემყურეს, მეტიც, ალბათ სჯერათ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ, კანონს ასრულებენ”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.