LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტარკი რუსეთიდან, რომელმაც მსოფლიო მოიარა და ბაკურიანში დასახლდა, საქართველოს ალაგებს

991
dennis starki

წარმოშობით რუსი დენის სტარკი წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა და ცხოვრობდა, როგორც აზიაში, ისე ევროპასა და სხვა კონტინენტებზე. მისი სფერო ტექნოლოგიებია, თუმცა ჰობი ისევე, როგორც მოვლილი ქვეყნები, უამრავი აქვს.

თითქმის მსოფლიოს მოვლის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ დრო იყო საკუთარი საქმე წამოეწყო და სადმე დასახლებულიყო. ადგილის არჩევა, სადაც დარჩენილი ცხოვრება უნდა გაეტარებინა, არ გასჭირვებია, რადგან უკვე იცოდა თუ სად უნდოდა ცხოვრება.

„რამდენიმე კრიტერიუმი გვქონდა საცხოვრებელის არჩევისას, მე და ჩემი მეუღლე, ვეგეტარიანელები ვართ, ვეძებდით ადგილს სადაც, ორგანული საკვები იქნებოდა, გვინდოდა ყოფილიყო კარგი ბუნება და ვიზის მიღება მარტივი. საქართველო აღმოჩნდა ქვეყანა, რომელმაც ჩვენი კრიტერიუმები დააკმაყოფილა,“ – ამბობს დენის სტარკი „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ძიება არ დასრულებულა, ოჯახი გაეცნო სხვადასხვა კუთხის კულტურას, იმოგზაურა კახეთში, თბილისში, ბორჯომსა და ბაკურიანში. ეს უკანასკნელი მათთვის საუკეთესო აღმოჩნდა.

უკვე ერთი წელია ოჯახი ბაკურიანში ცხოვრობს. დენისი საკუთარ სტარტაპზე მუშაობს: ეს არის მობილური აპლიკაცია, წიგნების გაზიარებისთვის. გარდა ამისა, დენისი ოჯახთან ერთად ძალიან აქტიური გარემოს დამცველი აქტივისტია.

„ბაკურიანის ტყეში ჩემს ვაჟთან ერთად ხშირად მივდივარ, ყოველ გასვლაზე ვასუფთავებთ, თუ რაიმე ნაგავს ვნახავთ მოგვაქვს… ალბათ, ასობით ნაგვით გავსებული ჩანთა გამოგვიტანია ტყიდან. ახლა უკვე, როგორც იქნა, ტყე სუფთაა,“ – ამბობს დენისი „ფორტუნასთან“.

დენისი ამ საქმიანობას მოხალისეობასაც კი არ ეძახის. ამბობს, რომ ეს იგივეა, საკუთარი საძინებლიდან ნაგავი ურნამდე რომ მიიტანო.

„ეს ჩვეულებრივი ამბავია. ტყე, სადაც ვსეირნობთ, ვერთობით, დიდ დროს ვატარებთ, ძალიან ლამაზია. თუ იქ ვინმე ნაგავს ყრის, მე ვასუფთავებ, რადგან მინდა რომ ტყე სუფთა იყოს,“ – ყვება დენის სტარკი და ამბობს, რომ ამ საქმიანობაში სხვებსაც იყოლიებს.

ახლა უკვე კამპანია აქვს „ეკოქაფი“, რომლის ფარგლებშიც გარემოს დასუფთავება და ფილმები ერთმანეთს უკავშირდება. ფესტივალის იდეის ავტორები დენისის მეგობრები არიან მოსკოვიდან. „ეკოქაფი“ 8 წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ დენისის მეგობრები, მსოფლიოს გარშემო დადიან და გარემოს ასუფთავებენ.

„სექტემბრიდან ვასუფთავებ ტყეს, ამას მართლა უბრალოდ ჩემთვის ვაკეთებდი, თუმცა რამდენიმე კვირაა კამპანია დავიწყეთ, იმის შესახებ როგორ ვასუფთავებთ, ვიდეოებს ვიღებთ და სოციალურ ქსელში ვანთავსებთ. ამას ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი დავაინტერესოთ ამ საქმით.

ისინი იღებენ ფილმებს მსოფლიოს გარშემო გარემოს დაბინძურების და დასუფთავების შესახებ. მათ შორის საუკეთესოებს ფესტივალზე უშვებენ. ამ ფესტივალს შევუერთდი მეც და იგივეს ვაკეთებ აქაც,“ – ამბობს დენისი და აცხადებს, რომ ფესტივალს მხარდაჭერას მთის კურორტების განვითარების კომპანია უცხადებს. ისინი დენისს კინოთეატრის მოწყობაში ეხმარებიან, დენისი კი ფილმების არჩევით და მოპოვებითაა დაკავებული. ასევე, ხალხის მოზიდვით კინოჩვენებაზე, რომელიც უფასოა.

„ფილმები ნამდვილად კარგია. არ არის მოსაწყენი. მისი ყურების შემდეგ, გარემოს პრობლემებს უფრო მეტად გრძნობ. ეს შთამაგონებელი დოკუმენტური ფილმებია. ჰოლივუდურ ფილმებსაც კი ჯობს. ძალიან მინდა ეს ბევრმა ნახოს, რადგან ეს ცნობადობის ამაღლებასაც უზრუნველყოფს,“ – ამბობს დენის სტარკი.

ის ასევე ამბობს, რომ მასთან ახლოს მდებარე ტყის დასუფთავება ძალიან მარტივი აღმოჩნდა. აქ ცხოვრების პერიოდში, სულ რაღაც ერთ წელში მოახერხა მისი სრულად დასუფთავება და ახლა უბრალოდ ყოველ ჯერზე, რამდენიმე ბოთლი ან სხვა სახის ნარჩენი გამოაქვს ტყიდან, რაც ძალიან მარტივია. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ მსგავსი ფესტივალებით, აქტივობებით, შესაძლებელია, რომ საზოგადოებამ ძალიან მარტივად მოახერხოს მათთან ახლოს მდებარე ლამაზი ადგილების დასუფთავება და ამისთვის დიდი ძალისხმევა არ გახდეს საჭირო. დენისი ამბობს, რომ ეს შეგნების, მენტალიტეტის და განათლების გარღმავების შემდეგ, თავისთავად მოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები