LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ დარბაზიდან გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია

104
ვაშაძე - გვარამია

„სტრატეგია აღმაშენებელი” მთავარი არხის გენერალური დირექტორის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას საკითხი პოლიტიკურად მოტივირებულია და „ქართული ოცნება” წინააღმდეგობაშია ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. პარტია გვარამიას სასამართლო დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია მედია-თავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების დასრულება.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ქმედებები ამ პუნქტებთან მიმართებით წინააღმდეგობაშია ევროკომისიის რეკომენდაციებთან. ამის ნათელი მაგალითია ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა. მისი დაკავება აბსურდული საფუძვლით მიუთითებს მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებაზე, რომლის მიზანია ოპოზიციური მედიის დასუსტება, ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანების დაშინება, ასევე, მიზანმიმართულად კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დაზიანება.

აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა თავისუფალ მედიას და პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ოპონენტებს, რაშიც „ქართული ოცნება“ იყენებს მის მიერ მართულ კლანურ სასამართლოს. ყოველივე ეს ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციაშიც ხაზგასმით არის დაგმობილი ნიკა გვარამიას პატიმრობა და ევროპარლამენტი ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას ხელი აიღოს პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე.

ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ხელი აიღოს პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშსწორებაზე, მედიის ზეწოლაზე და დაუყოვნებლივ დარბაზიდან გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია, რაც არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად” – სტრატეგია აღმაშენებელი.

ცნობისათვის, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.

ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოზე ბრალდების აბსურდულობა კიდევ ერთხელ დამტკიცდება.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე წარვდგებით დასკვნითი სიტყვით, კიდევ ერთხელ დავასაბუთებთ ბრალდების აბსურდულობას. პრინციპში ისედაც ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ გაყალბებულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არის დატყვევებული ნიკა გვარამია. კიდევ ერთხელ ავუხსნით სასამართლოს, თუ რატომ არის აბსურდული პროკურატურის მტკიცება და მათ მიერ მოყვანილი ფაქტები“ – აცხადებს ადვოკატი  დიმიტრი საძაგლიშვილი.

პოპულარულები