LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ ქათამში სალმონელა გამოავლინა

510
shutterstock-353748467

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია ბიუ-ბიუს წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინა. როგორც სააგენტოში ამბობენ, მათ მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს შეტყობინება მიიღეს, რომ რესტორანში ლუდის ქარხანა ჩემო კარგო 11 ადამიანი მოიწამლა. აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტომ იმავე დღეს ბიზნესოპერატორთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.

„ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება: 1) უკრაინული ქათმის ბარკალი 2) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი) 3) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფილე დამარინადებული. სააგენტომ მიკვლევადობის მიზნით, კონტროლი წარმოების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ყველა ეტაპზე განახორციელა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში, რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა. მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშში (მწარმოებელი „Processing Complex“ უკრაინა, დისრტრიბუტორი შპს „სანი“).

ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით ჩაატარა არაგეგმური ინსპექტირება რესტორანში -„ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“, რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერა საწარმოო პროცესი. შემოწმდა ის მარკეტიც (თბილისი, გლდანი I მიკრორაიონი, მე-2 კორპ.), სადაც ზემოთაღნიშნულმა რესტორანმა შეიძინა ნედლი ქათმის ფილე, სარეალიზაციო ობიექტს გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და 1 000 ლარით დაჯარიმდა.

სააგენტომ ბოლო ეტაპზე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს „ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული ხუთი ნიმუშიდან ოთხ მათგანში სალმონელა გამოვლინდა.

აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

„ბიუ-ბიუს“ დამფუძნებელი სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნას არ ეთანხმება.

როგორც კომპანია „ბიუ ბიუს“ ხელმძღვანელმა, რევაზ ვაშაკიძე, “ფორტუნასთან” სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა მათ პროდუქციაში სალმონელა არ გამოვლენილა.

“ვიცი, რომ რესტორანში ხალხი მოიწამლა. სულ 9 ადამიანი მოიწამლა. ანალიზების შემდეგ გამოვლინდა, რომ 7 შემთხვევაში არ იყო სალმონელა და იყო მხოლოდ 2-ში. თუმცა, კონკრეტული პროდუქცია, რომელზეც იყო საუბარი, ჩვენ შემოწმებული გვაქვს და არანაირი სალმონელა არ დადგენილა. ამის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოვიდნენ ჩვენთან და შევთანხმდით, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შევამოწმებდით. გაგზავნილი გვაქვს, თუმცა პასუხები ჯერ არ გვაქვს, ველოდებით”,-აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

მისი თქმით, კომპანია „ბიუ-ბიუს“ პროდუქცია რეგულარულად მოწმდება და მისი მიღება უსაფრთხოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები