LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ტაბატაძე ნანა ჯორჯაძის ფილმში მთავარ როლს ასრულებს: „ძალიან გამიმართლა…“

2947
takotabatadze2011

ნანა ჯორჯაძის ახალ ფილმში „პეპლების იძულებითი მიგრაცია“, რომელზე მუშაობასაც ცნობილი ქართველი რეჟისორი მალე დაასრულებს, მონაწილეობას იღებს თაკო ტაბატაძე. მისთვის ეს პირველი სერიოზული როლია კინოში. გადაღებების პროცესის შესახებ ის fortuna.ge-ს სიამოვნებით ესაუბრა.

თაკო, როგორ მოხვდი ნანა ჯორჯაძის ფილმში მთავარ როლზე?

ქალბატონი ნანა ჯორჯაძის ფილმში მართლაც რომ სასწაულებრივად მოვხვდი (იცინის). 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კასტინგი, თუმცა მთავარი პერსონაჟისთვის მსახიობის დამტკიცება ვერ მოხერხდა მიუხედავად იმისა, რომ, ბევრი, ჩემზე გამოცდილი მსახიობი და საინტერესო მოცეკვავე მოიაზრებოდა ამ როლზე.

გადაღებები უკვე დაწყებული იყო, როდესაც ქალბატონი ნანას ასისტენტმა, ნინო ჯორჯაძემ, აღმომაჩინა სოციალურ ქსელში, დამიკავშირდა და მეორე დღესვე შედგა ჩვენი შეხვედრა.

მე უკვე ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ რეჟისორს გავიცნობდი პირადად, თუმცა ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეხვედრიდან ძალიან მალე გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდებოდი.

გადაღებების პროცესი გაიხსენე…

გადაღებები საოცრად საინტერესო და ინტენსიური იყო, თუმცა კიდევ არის დარჩენილი სცენები, რომელთა გადაღებაც სხვადასხვა ტექნიკური თუ ფინანსური საკითხის გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

ძალიან დიდი ბედნიერებაა და იმავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მომეცა საშუალება, მემუშავა საოცარი მსახიობების გვერდით. ქალბატონი ნანა გვაძლევდა იმპროვიზაციის საშუალებას, რაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის.

როგორი იყო შენთვის, როგორც დამწყები მსახიობისთვის, მთავარ როლზე მუშაობა?

ამ როლზე მუშაობა, ჩემთვის, როგორც დამწყები მსახიობისთვის უდიდესი გამოცდაა. იმდენად მოულოდნელად გამოჩნდა ეს შანსი ჩემს ცხოვრებაში, რომ ამ ფაქტის გააზრებაც ვერ მოვასწარი.

ძალიან გამიმართლა, რომ გადასაღებ მოედანზე დამხვდა ოჯახური გარემო, სადაც ყველა მგულშემატკივრობდა და მეხმარებოდა მუშაობის პროცესში. ქალბატონი ნანას უსაზღვრო პოზიტიური ენერგია იმდენად გადამდებია, რომ საერთოდ არ მიგრძნია დაღლა. ფილმზე მუშაობენ საოცარი პროფესიონალებო, – მიხო კვირიკაძე, რომლის ნამუშევარი იმდენად სრულყოფილია, რომ აღარც ვნახულობდი გადაღებულ სცენებს, რადგან მას მინიმალური დეტალიც კი არ გამორჩება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ამ ფილმის პროდიუსერის, ქალბატონი ჟანას წვლილი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე მამხნევებდა და საკუთარი თავის რწმენას მმატებდა. მას უამრავ ფილმზე აქვს ნამუშევარი საოცარ რეჟისორებთან და მსახიობებთან. მისი სიტყვები ჩემთვის ყოველ კრიტიკულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

როგორ ფიქრობ, სამსახიობო კარიერას გააგრძელებ?

დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მექნება შანსი, გავაგრძელო სამსახიობო კარიერა. ვსწავლობ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე, ასევე ინტენსიურად გავდივარ სხვადასხვა ონლაინ მასტერკლასს, რომლებსაც ჰოლივუდის წამყვანი მსახიობები და რეჟისორები უძღვებიან.

ის, რომ მე სამსახიობო კარიერა ავირჩიე, ჩემი მეგობრების გვერდში დგომის დამსახურებაა და მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g