„თუ აუდიტორია არ იძლევა საშუალებას, რომ ლექტორსა და სტუდენტებს შორის იყოს 2 მეტრიანი დისტანცია დაცული, მათ ეძლევათ პირბადეების ტარების რეკომენდაცია“,-ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა უმაღლესი სასწავლებელი გადის შესაბამის შემოწმებას და სწავლის დაწყების შემდეგ მოხდება დაწესებული რეგულაციების მონიტორინგი.
„ყველა უნივერსიტეტი გადის შესაბამის შემოწმებას. ისინი დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, სადაც შესაბამისი ნებართვის მიღების შემთხვევაში დაიწყებენ ახალ სასწავლო წელს. განისაზღვრება გარკვეული პერიოდულობა და პერნამენტულად გადამოწმების რეჟიმი.
აუდიტორიაში სტუდენტებისთვის დაცული იქნება 1 მეტრიანი დისტანცია მერხებს შორის.
რაც შეეხება ლექტორებს, იმ შემთხვევაში თუ აუდიტორია არ იძლევა საშუალებას, რომ ლექტორსა და სტუდენტებს შორის იყო 2 მეტრიანი დისტანცია დაცული, მათ ეძლევათ პირბადეების ტარების რეკომენდაცია“,-განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
სკოლებსა და უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში ახალი სასწავლო წელი 14 სექტემბრიდან დაიწყება. წელს სწავლას, საერთო ჯამში, 150 000-ზე მეტი სტუდენტი იწყებს.