მოვუწოდებ მოქალაქეებს დაიცვან რეგულაციები, თუ ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, ბევრი დაიღუპება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ და ქვეყანაში იქნება ათასობით კოვიდინფიცირებული, შესაბამისად, გარდაცვლილთა რიცხვიც მოიმატებს.
„100 000 კაცი რომ გახდება ავად, იქიდან ვიღაც დაიღუპება და არ გვინდა, რა… ჩვენი ახლობლები გავწიროთ? ჩვენი ხანშიშესული თაობა, ჩვენი თანამოქალაქეები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ… დავიცვათ ელემენტარული წესები, რომ ამ ადამიანებს მოვუფრთხილდეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „იმედის“ ეთერში.
იმნაძე კიდევ ერთხელ მიმართავს საზოგადოებას დაიცვან რეგულაციები.
„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოქალაქეებს, გვინდა კიდევ შეზღუდვების გარეშე ვიყოთ? მხოლოდ პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ, თუ გვინდა, რომ ჩვენ გვერდით ბევრი ინფიცირებული გვყავდეს? კლინიკებში ადგილები არის. თუ საჭირო გახდა, საწოლფონდი 5 ათასამდე გაიზრდება. უბრალოდ, არ გვინდა ეს მოხდეს. არ გვინდა ბევრი ინფიცირებული იყოს, რადგან რაც მეტი მეტი დაავადდება, მეტი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპება. ეს უნდა გავითავისოთ. თუ გახდება 100 ათასი კაცი, იქიდან ერთი პროცენტი უკვე ბევრია. არ გვინდა ათასი კაცი გარდაიცვალოს ამ „კოვიდით“. თუ ბევრი გახდება ავად, ბევრი მოკვდება, თორემ ბევრი უპრობლემოდაც გადაიტანს. გავწიროთ ჩვენი ხანშიშესული თაობა და ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ?!“, – აცხადებს იმნაძე.
ამასთან, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მომატებული რაოდენობა მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანაში მობილობა მაღალია.
10 სექტემბერის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი.