უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ „რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის“, განმარტებას აკეთებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ დმიტრო კულებამ მტკიცებულებების არ არსებობის შემთხვევაში საქართველოს დასჯა არ გამორიცხა.
“ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოს მხრიდან რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედებთ თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი, – განაცხადა კულებამ.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსეთი სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გავლით დიდი ხნის წინ შეეცდებოდა.