ტურიზმთან დაკავშირებული წესებისა და გაიდლაინების პირველი პროექტი უკვე მზად არის და ის უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, ამ გაიდლაინებში არაფერი არ იქნება ისეთი განსაკუთრებული, რასაც ინდუსტრია ვერ შეასრულებს.
„ ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას. პირველი პროექტი, პირველი „დრაფტი“ ამ გაიდლაინებისა უკვე მზად გვაქვს და ამას ინდუსტრიასთან ერთად ვხვეწავთ. ჩვენ მზად გვაქვს პირველი პროექტი ამ წესებსა და გაიდლაინებზე, როგორც ტრანსპორტზე, ისე ტურისტული განთავსებისა და კვების ობიექტებზე, რაც ჩვენ შეგვიძლია გავუცვალოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენთან ტურიზმის აღდგენა სურთ იმისთვის, რომ თავიანთ ეროვნულ სტანდარტებს შეაჯერონ და შევჯერდეთ. ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში საჯარო გახდება“, – ამბობს ნათია თურნავა.
მისივე თქმით, გარკვეული დრო უნდა მიეცეს ინდუსტრიას, რომ მოემზადოს, თუმცა რთულად შესასრულებელი არაფერი იქნება.