LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალი მოვკარი ”გაქცეული ექიმები” ახსენეს ისეთ კონტექსტში, თითქოს სირთულეებს გავერიდეთ და უწვალებლად გავილაღეთ ცივილიზებულ ქვეყნებში – ქეთი ლობჟანიძე

138
13214764-1206003582751745-1409799212-o

“ვისაც ისევ გგონიათ, რომ სირთულეებს გავექეცით იოლი ცხოვრებისთვის, ე.ი აღქმის და აზრის გამოტანის პრობლემა გაქვთ და თქვენზე გაბრაზებაც კი არ ღირს!”,-ამის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ქეთი ლობჟანიძემ დაწერა.

ის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფაქტს, რომლის მიხედვით საზღვარგარეთ მოღვაწე მედიცინის მუშაკები “გაქცეულ ექიმებად” მოიხსენიეს.

“ფორტუნა” ქეთი ლობჟანიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“გასულ კვირას აქ თვალი მოვკარი, ”გაქცეული ექიმები” ახსენეს ისეთ კონტექსტში, თითქოს სირთულეებს გავერიდეთ იოლი ცხოვრებისთვის და უწვალებლად გავილაღეთ ცივილიზებულ ქვეყნებში. არ ვარ მოცლილი, ყველა ნონ-სენსს ვუპასუხო, მაგრამ ეს მეორდება და აღარ მომწონს, ამიტომ ჩემსას ვიტყვი ერთ პატარა, მტკივნეულ გამოცდილებაზე.

ინტერნობის პირველი პოსტი ტერიტორიული ნიშნით შევარჩიე. კი მაფრთხილებდნენ, პრობლემური სერვისია, ვიფიქრე, ქართველი რით უნდა გამაოცონ, მაინც წავედი.
აქ ვნახე ფრანგი ინტერნების სნობიზმი და მზაკვრობა. ნუ ყველას არ ეხება, ბევრი ძალიან კარგი შემხვდა მერე. პირველივე პლანინგზე ჩემი დაგოიმება ცადეს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ შერჩებოდათ. აქ გავრცელებული აზრია, პირველ პოსტზე მონადაც უნდა ჩაბარდე, ოღონდ ფეხი მოიკიდო უცხოელმა. მე ძალიან წყნარად ავუხსენი, რომ ასე არ გამოვა. მდივანს როცა ვუთხარი, პლანინგი არ შეუტანო შეფს დასამტკიცებლად, მე არ ვეთანხმები, მისი გაოგნება უნდა გენახათ ?

მოკლედ, დეტალებში აღარ შევალ, თავმოყვარეობამ გასაქანი არ მომცა და იქიდან ორ თვეში წამოვედი. გამაფრთხილეს, ის შეფი ყველგან გამიფუჭებდა საქმეს და ასეთი მარცხით მომიწევდა დაბრუნება. ღამეები არ მეძინა ამაზე ნერვიულობით, მაგრამ მე ზოგადად მახასიათებს საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნა პრინციპის თუ რაღაც ჯანდაბის გამო, შეგუებულიც კი ვარ. შავი კი არა უშავესი პერიოდი გავიარე ამის მერე. რაც პარიზის საუკეთესო საავადმყოფოები ჩამეწერა სივიში, უფრო ადვილია სამსახურის პოვნა, მაგრამ ახალჩასულზე ძალიან ჭირს, ყველას გამოცდილი ურჩევნია, თან კონკურენციაა, არჩევანი აქვთ.

ნოემბერი, კონტრაქტების გაფორმების პერიოდი გავლილია და შემთხვევით გავიგე 1 ვაკანსიის შესახებ, თან პარიზის ცენტრში ისტორიულ, სოლიდური რეპუტაციის საავადმყოფოში.
გამოგიცდიათ, შანსი ნულოვანი კი არა, მინუსებშია და მაინც უნდა მოსინჯო ძალები, მერე თავი რომ არ იმტვრიო, მეცადა, იქნებ გამოსულიყო?
შეფთან ვრეკავ რანდევუსთვის, მდივანი არ მაკარებს, სივი გაუგზავნეთ და თუ დაინტერესდა, თავად შეგეხმიანებათო, თითქოს ეს მე არ ვიცოდე. სატელეფონო კონტაქტი ერთადერთი ხსნა იყო, გასხეპილი ფრანგულით ფრანგი იოლად იხიბლება.
ერთხელაც რაღაც ბედად, გასული იყო მდივანი და სხვამ მიპასუხა, ცოტა მოგვიანებით გადმორეკეთო. იმას ხელიდან როგორ გავუშვებდი, ვუთხარი, თქვენი კოლეგა ვარ და თუ შეიძლება შეფთან გადამრთეთ. მას არ ქონდა რეფლექსი, რა საკითხზე რეკავთო და დამაკავშირა. რანდევუს შეთავაზება უპრობლემოდ მივიღე.
ისევ მოვისმინე მეგობრებისგან შეგონებები, ახლა მაინც ნუ გამოიჩენ თავს და ნუ ახსენებ იმ 2 თვიან მუშაობას, აუცილებლად გადაურეკავს ძველ შეფს. კიდევ გკითხავს სამომავლო გეგმებზე, თუ რა მიზნით ჩამოხვედი, უპასუხე, რომ გინდა ინტეგრაცია და აპირებ დარჩენას. ეგრე არაა, გასწავლონ და მერე სხვას გამოადგეო.

ვერ ჩამოვყალიბდი, დამალვა იგივე ტყუილია და არ მინდოდა ასე დაწყება, სიმართლე იმ სერვისის კრიტიკად ჩაითვლებოდა, რაც ცუდი ტონია, თან დაურეკავდა შეფს და ის მომთხრიდა…
ჰოდა, ვზივარ საოცნებო ადგილის მისაღებ რანდევუზე, ალტერნატივა მარცხით დაბრუნებაა, გულს გაუდის ბაგა-ბუგი, მუხლები მიკანკალებს და თავში ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს…
მოკლედ, მაინც გადმოვულაგე სიმართლე. დეტალებში შესვლის გარეშე ვუთხარი, რომ ის ორი თვე სრული კატასტროფა იყო, უბრალოდ ვერ შევეგუე ღარიბი ქვეყნიდან ჩამოსული მეორეხარისხოვანი ადამიანის როლს, არჩევანის წინაშე დამაყენეს და მეც წასვლა ვამჯობინე. რას რისკავდი, იცოდიო? კი, მაფრთხილებდნენ-მეთქი. ღიმილი შეიკავა აშკარად.

მე-2 მოსალოდნელ კითხვაზე ვუპასუხე, რომ აქ დიდხანს დარჩენას არ ვგეგმავდი, რადგან ნოსტალგია მქონდა. მერე ყოვლად ბრიყვულად ჩავაკერე, აქაც სულ სხვა პასუხი მირჩიეს-მეთქი. ამაზე უკვე ვეღარ შეიკავა თავი და გულიანად გაეცინა.

ამ დროს მივხვდი, რომ საოცარი ქალი იყო და მოგვიანებით ბევრჯერ დავრწმუნდი ამაში. ამიყვანა და მუშაობის პირველივე დღეს მითხრა, სახელით და შენობით მომმართეო. დღემდე მისი ფანი ვარ, უსაყვარლესი შეფი და საუკეთესო პოსტი იყო სენ-ვენსან დე პოლი.

უცხოელებში ინტეგრაციაზე, მუშაობის რიტმზე და ახლის შესწავლის სირთულეებზე აღარაფერს ვამბობ, არც იმაზე, შენიანებს რომ ხარ მოწყვეტილი და უამრავი ადმინისტრაციული პრობლემის მოგვარება გიხდება სრულიად მარტოს ამ უცხო ქვეყანაში.
ვისაც ისევ გგონიათ, რომ სირთულეებს გავექეცით იოლი ცხოვრებისთვის, ე ი აღქმის და აზრის გამოტანის პრობლემა გაქვთ და თქვენზე გაბრაზებაც კი არ ღირს!

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები