“უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მთავარი ამოცანაა, საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა გაორმაგდეს:
“ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით გააქტიურება. უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის და ჩვენ დღეს დავისახეთ ამოცანა, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის.
აღვნიშნეთ, რომ ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სხვადასხვა პროექტების მიმართულებით გააქტიურება აუცილებელია. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ალიან ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან და ყოველთვის მოხარული ვიქნებით მეტი უკრაინელი ტურისტის მიღებით საქართველოში.” – თქვა პრემიერმა.
მისივე თქმით, არსებობს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ისედაც ძლიერი ურთიერთობები კიდევ ურო მეტად გაძლიერდეს:
“კიდევ ერთხელ მინდა შევაჯამო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი, ყველა ძალიან ძლიერი ფუნდამენტი იმისთვის, რომ კიდევ ურო მეტად გავაძლიეროთ ჩვენს შორის არსებული ისედაც ძალიან ძლიერი ურთიერთობები და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა. კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი ჩემს კოლეგას, ჩემს მეგობარს ჩამობრძანებისთვის.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო.