უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ასამდე „კადიროველი“ დაიღუპა და 300-მდე დაშავდა.
ოფიციალური უწყების ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში 2500-მდე „კადიროველი“ იღებდა მონაწილეობას, ისინი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდნენ.
როგორც უკრაინული მედია წერს, ე.წ. „კადიროველების“ მთავარი ამოცანა უკრაინელების დაშინება იყო და კიევიდან უკან დახევის შემდეგ, ისინი მარიუპოლსა და ლუგანსკში გადავიდნენ.
4 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ქორწილების მასშტაბურად აღნიშვნა არაოფიციალურად აკრძალეს.
ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ პროექტს – „Кавказ.Реалии“-ს ჩეჩნეთიდან ორმა წყარომ აცნობა. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მითითება არ არსებობს, გადაწყვეტილება მიღებულია იმაზე დაყრდნობით, რომ „ასე ფიქრობს ფადიშაჰი“, ანუ ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი.