მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა დორიანმა აბკოში [ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთი რაიონი] სახლებს გადაუარა, ბრენტ ლოუსთვის ნამდვილი გამოწვევა დაიწყო.
იმ დროს, როცა შტორმი მის გარშემო მძვინვარდებდა, ყელამდე წყალში დადიოდა იმისთვის, რომ უსაფრთხო ადგილი ეპოვა. ბრენტ ლოუს მისი 24 წლის შვილის ტარებაც მოუწია, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. კიდევ ერთი დაბრკოლება ამ ისტორიაში ისაა, რომ ბრენტ ლოუ უსინათლოა.
„შეშინებული ვიყავი. ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად ღრმა წყალში მომიწევდა გავლა. მეგონა მხოლოდ მუხლებამდე იქნებოდა. როდესაც წყალში შევაბიჯე ის უფრო და უფრო ღრმა ხდებოდა. ბოლოს ვიფიქრე რომ შვილის ცურვით გაყვანა მომიწევდა, მაგრამ საბედნიეროდ წყალმა არ დამფარა,“ – ყვება ბრენტ ლოუ CNN-თან.
ლოუ ყვება, რომ სახლში იმყოფებოდა მის შვილთან, ცოლის დასთან, ნათესავებთან და რამდენიმე მეზობელთან ერთად. შემდეგ ქარიშხალმა სახლს სახურავი გადახადა.
„ამ დროს ძალიან ძლიერად წვიმდა. ძლიერ ქარში და წვიმაში ვიარეთ ყველამ და მეზობლის სახლამდე მივაღწიეთ, რომელიც 5 წუთის სავალზე მდებარეობდა, თუმცა გაცილებით დიდხანს ვიარეთ,“ – იხსენებს ბრენტ ლოუ.
ახლა ბრენტი ნასაუშია ევაკუირებული. მას თირკმლის უკმარისობა აქვს და დიალიზით მკურნალობს. მის შვილზე კი, ბრენტის ცოლის და ზრუნავს.
„ვიმედოვნებ, რომ მასთან დაკონტაქრებას მოვახერხებ. ძალიან მენატრება და მისი ნახვა მინდა,“ – ამბობს ბრენტ ლოუ.
მისი და მისი ოჯახის მომავალი ამ დროისთვის გაურკვეველია. აბაკო ქარიშხალმა ისე გაანადგურა, რომ ისინი სახლში დაბრუნებას დიდხანს ვერ შეძლებენ.
„49 წლის ვარ, ჩემი ბიჭი – 24-ის. 11 წელია უსინათლო ვარ. ამ დროის განმავლობაში, არავისთვის არაფერი მითხოვია. ჩემ ოჯახზე დამოუკიდებლად ვზრუნავდი. ჩემი შვილების მოვლაში მხოლოდ ჩემი ყოფილი ცოლი მეხმარებოდა,“ – ამბობს ლოუ და დასძენს, რომ ქარიშხლის შემდეგ სახლის გარეშე დარჩა და ამაზეც მოუწევს ზრუნვა:
„ადგილი გვჭირდება სადაც წავალთ. ზუსტად არ ვიცი რის გაკეთებას ვაპირებთ, მაგრამ ვიცი, რომ დახმარება გვჭირდება“.
ბაჰამის კუნძულებს 5 ბალიანი ქარიშხალი დორიანი დაატყდა თავს. შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება.
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=OUHVbO7IgC8