LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზურპატორი თუ კეთილი ბიზნესმენი: დღეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა

710
81181745-2727267430666518-8026768502939451392-o

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იუბილარია. მილიარდერი ზუსტად 64 წლის წინ, 18 თებერვალს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, მაღაროელის ოჯახში დაიბადა.

მის ბავშვობაზე ლეგენდები დადის. ამბობენ, ოჯახს უჭირდა და პატარა ბიძინას ბევრი რამ ენატრებოდაო. ყველაზე გავრცელებული ამბავი ნაყინს უკავშირდება. დღემდე ბიძინას გულშემატკივრები თვალზე ცრემლის გარეშე ვერ ყვებიან, თუ როგორ არ ჰქონდა მომავალ მილიარდერს ნაყინის ფული, როგორ უყიდა მას გამვლელმა ნაყინი და წლების შემდეგ, როგორ გულუხვად გადაუხადა სიკეთე მეცენატმა. თუმცა, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მისდამი დამოკიდებულება ბევრს შეეცვალა. ბევრი მის უცნაურ გატაცებებზე ამახვილებს ყურადღებას და გაოცებული კითხულობს, რატომ ხარჯავს მილიარდერი ფულს ხეების გადარგვაში და რატომ ჰყავს ზებრები და ზვიგენები.
ოპოზიციის ნაწილმა მას უზურპატორი შეარქვა. ბევრისთვის კი ის კვლავ კეთილი ბიზნესმენია.
მათ შორისაა რეჟისორი ქეთი დოლიძე.

ჩემი დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ არაფერს შეუცვლია. არც შეცვლის, მაგის იმედი ნუ გაქვთ

რეჟისორმა „ფორტუნას“ უამბო, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერს უკვე მიულოცა დაბადების დღე.
„ბიძინა ივანიშვილს უკვე მივულოცე დაბადების დღე დიდი სულით და გულით. ჩემი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაფერს შეუცვლია. არც შეცვლის და მაგის იმედი ნუ გაქვთ. ის ძალიან ბევრი ადამიანის იმედია და ერთადერთია, ვინც რეალურად აზროვნებს ამ ქვეყანაში. აბა, არანორმალურ ოპოზიციას უნდა შევხედო? და საერთოდაც ერთი და იგივე ადამიანების ყურება ამოვიდა უკვე ყელში. არ მაინტერესებს ოპოზიციიდან არც ერთი ადამიანი. იმიტომ რომ 30 წელია მაგათ უნიათობასა და არაფრისმაქნისობას ვუყურებ. აღარ მინდა მაგათი ყურება. ბიძინა ივანიშვილს აქვს უდიდესი პოტენციალი და, რა თქმა უნდა, მე მას ვუჭერ მხარს“, – განაცხადა დოლიძემ ჩვენთან საუბარში.

ჩათვალეთ, რომ თქვენი საშუალებით მივულოცე დაბადების დღე

ივანიშვილის თანამებრძოლმა და ერთ დროს მეგობარმა გია ხუხაშვილმა „ფორტუნას“ საშუალებით მიულოცა იუბილე მილიარდერს.
„არ დამირეკავს და არ მიმილოცავს. ერთ დროს მეგობრები ვიყავით და ადამიანურად, რაც გულისხმობს მისთვის ჯანმრთელობის და მხნეობის და კეთილდღეობის სურვილს, ეს ყველაფერი ძალაში რჩება. ჩათვალეთ, რომ თქვენი საშუალებით მივულოცე დაბადების დღე. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, ეს რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე გამორიცხულია. ჩვენი შეხედულებები და მსოფლმხედველობა რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დაშორდა ერთმანეთს თუ დაპირისპირებული არ არის. პირად კომუნიკაციას თავს ვარიდებ. საერთო სამწუხაროდ ძალიან ცოტა რამ დაგვრჩა“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ ექსპერტმა.

შეგახსენებთ, ერთადერთ ქართველ მილიარდერს ჰყავს მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და 4 შვილი. გასულ წელს მათ ოჯახს პატარა წევრი ბერუკა შეემატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები