ჰქონდა თუ არა „ეფესბეს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მინსკსა და ვლადიკავკაზში და ასევე კომუნიკაცია რუსულ სპეცსამსახურებთან 2017 წელს? – ჟურნალისტების კითხვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურმა უპასუხა.
მისი განცხადებით, მინსკში ყოფნისას „ეფესბეს“ წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა არ ჰქონია.
„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ალბათ ხუთი-ექვსჯერ. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ჩავდიოდით, ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს, ოფიციალური შეხვედრები რაც გვქონდა ხოლმე. ასეთი რამ არ მომხდარა. 100 წლისთავი იყო, როცა ჩამოსული იყვნენ იქ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, ფრანგებიც, რუსებიც, გერმანელებიც და მიულოცეს. ზოგი იყო პირველი პირი, ზოგი მეორე პირი. პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია.
ხელმძღვანელობა ჩამოსული იყო, მიულოცეს ბელარუსის ხელმძღვანელობას, ასევე აზერბაიჯანშიც იყვნენ ჩამოსული, მიულოცეს. იქ იყვნენ ამერიკის, ბრიტანეთის წარმომადგენლებიც, რუსეთიდანაც იყვნენ, ბორტნიკოვიც და დაზვერვის უფროსიც იყო. პირისპირ არ შევხვედრივართ, ეს არ მომხდარა არასდროს. ვთქვათ შევხვდი, რა პრობლემაა ამაში, ჩემ გამო არ უნდა ჩასულიყო, თუ მე არ უნდა ჩავსულიყავი აზერბაიჯანში. მეც ვიყავი, ამერიკელებიც, ბრიტანელებიც და გერმანელებიც“, – განაცხადა გომელაურმა.