LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინის გვერდით მოვლენებზე დაწესდება დეტალური და მკაცრი მონიტორინგი: თამარ გაბუნია

119
FORTUNA.GE- (3)

“გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად. ამ გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი.” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გვერდითი რეაქციების გაიდლაინს დაემატა კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სპეციფიკური მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია და აღნიშნულ სახელმძღვანელოს ექიმები მსგავსი რეაქციების შეფასებისთვის გამოიყენებენ.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანა ანგარიშვალდებულია გლობალურად და ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ ფარმაკო ზედამხედველობის ცენტრში გაიგზავნება:

“ყველა ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროგრამას ახასიათებს გვერდითი რეაქციები. გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად. ამ გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი.

იმუნიზაციის პროგრამის გვერდითი რეაქციების აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის გაიდლაინი მომზადდა გასულ წელს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა და დაემატა კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სპეციფიკური მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენი ექიმები გამოიყენებენ გვერდითი რეაქციების შეფასების, აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის. ანგარიშგების ვალდებულება ჩვენ გვაქვს გლობალურადაც, არსებობს ფარმაკო ზედამხედველობის ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ.” – თქვა გაბუნიამ.

მან ვაქცინით გამოწვეულ გვერდითი მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაზე მძიმე შესაძლოა იყოს ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც იშვიათია:

“გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია მაშინვე ან მოგვიანებით. სხვადასხვა ტიპის გამოვლინება, რომელიც ვაქცინას თან ახლავს, აღწერილია იმ დოკუმენტაციაში, რაც ვაქცინასთან ერთად მოდის. უმრავლეს შემთხვევაში არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გამოვლინებები. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს, არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც, საბედნიეროდ, ძალიან იშვიათია.” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსნებთ, კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ანაფილაქსიური მართვის შესაძლებლობაა.

“ვაქცინაციის პროცესში, ანაფილაქსიური რეაქციის გათვალისწინება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და აუცილებელია მომზადება მის სამართავად;

მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება ვაქცინების უკუჩვენებების, ასევე მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ;

სამედიცინო პერსონალი, იმ დაწესებულებებში, რომელიც პირველ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთვება, ძალიან დეტალურ ტრენინგს გაივლის მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების მართვაში, რათა სერიოზულიც და მსუბუქი გვერდითი რეაქციებიც იყოს მართული;

ყველა დაწესებულებაში, რომელშიც ჩატარდება ვაქცინაცია, შეიქმნება ანაფილაქსიური მართვის შესაძლებლობა” – აღნიშნულია ვაქცინაციის ეროვნული გეგმის პროექტში.

 

ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა შემუშავებულია: რა მთავარ მიმართულებებს მოიცავს პროექტი

პოპულალურები