LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის მეორე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ვისთან ერთად იმოგზაურა

627
tengiz-cercvadze-1

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, 31 წლის ქალბატონია. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა იტალიაში მეუღლესთან ერთად იმოგზაურა. მათ ქუთაისის აეროპორტში შესაბამისი შემოწმება გაიარეს, თუმცა საეჭვო სიმპტომები არ აღმოაჩნდათ. გუშინ გვიან ღამით, ცოლ-ქმარმა დაბალი სიცხით და ყელის ტკივილით მიმართეს ინფექციურ განყოფილებას. ცერცვაძის განმარტებით, მათ მაშინვე ჩაუტარდათ ყველა საჭირო ტესტირება, რა დროსაც დადასტურდა 31 წლის ქალზე ვირუსული ინფექცია.

დაინფიცირებული პაციენტის ანალიზების ლაბორატორიული შემოწმება რამდენჯერმე გახდა საჭირო, ვინაიდან მას არ უფიქსირდებოდა ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. საბოლოო დასკვნა დღეს დილას უკვე ცნობილი გახდა. პაციენტი ამ დროისათვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ცერცვაძე აცხადებს, რომ მას ტესტირებით კორონავირუსი არ დაუდგინდა, თუმცა ის რჩება ინფექციურ განყოფილებაში და იმყოფება სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა (ვიდეო)

თენგიზ ცერცვაძემ “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევებიდან, არცერთს არ აღენიშნებოდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. მისი თქმით, ამ დროისათვის ინფექციურ განყოფილებაში 34 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი ფრანგი, დანარჩენები კი საქართველოს მოქალაქეები არიან. უმრავლესობამ ბოლო პერიოდში იტალიაში იმოგზაურეს. მათზე მიმდინარეობს სამედიცინო დაკვირვება.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 28 შესაბამისი პალატა ფუნქციონირებს, რაც შესაძლებლობას იძლევა მოემსახუროს 50-55 პაციენტს. როგორც ჩვენთან საუბარში ცერცვაძემ განმარტა, საჭიროების შემთხვევაში თბილისში არსებული ბავშვთა ტუბერკულიოზის კორპუსი გათავისუფლდება და მოეწყობა ბოქსირებული პალატები და შესაბამისი სივრცეები. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე კერძო კლინიკასთან მოლაპარაკება, სადაც შესაძლებელი გახდება პაციენტების მიღება.

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მოგზაურობიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს 2-კვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g